ელენე ხოშტარია - ჩვენ შევყავით თავი ისეთ მოლაპარაკებებში, სადაც რუსეთი საქართველოს კუთხეში მომწყვდევას ცდილობს

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკა რუსეთის შანტაჟზე არ უნდა იყოს აწყობილი.

როგორც ელენე ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, დღესდღეობით არ არსებობს ტექნიკური საშუალება იმისა, რომ რუსეთმა სომხეთს გაზი ირანის გავლით მიაწოდოს, თუმცა თუ რუსეთი ამის ტექნიკურ შესაძლებლობას ქმნის, ქართულ მხარეს განგაში დროულად უნდა აეტეხა და რუსეთიდან მიღებული დღიური 2,5 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის გაზის შევსების ალტერნატიულ გზებზე ეფიქრა, ნაცვლად იმისა, რომ "გაზპრომის" ულტიმატუმზე წამოგებით უფრო კაბალურ მდგომარეობაში ჩაეგდო თავი.

"ის, რომ დღეს ვიგებთ ახალ-ახალ ვერსიებს "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, ჩვენს პრობლემურ მდგომარეობაზე მეტყველებს. ჩვენ შევყავით თავი ისეთ მოლაპარაკებებში, სადაც რუსეთი ჩვენს კუთხეში მომწყვდევას ცდილობს. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არის პოლიტიკური პრობლემა, ვინაიდან მათი მოლაპარაკებების ხერხი არის შანტაჟი, პოლიტიკური გავლენა და ა.შ. კახა კალაძის გუშინდელი განცხადება არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა განვიხილოთ ჩვენ "გაზპრომი", როგორც ალტერნატივა თუნდაც დეფიციტის შევსებისთვის", - განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება ირანიდან გაზის მიწოდებას სომხეთისთვის, ხოშტარიას თქმით, "ჯერჯერობით ამის ტექნიკური საშუალება არ არსებობს და ეს გარკვეულწილად ბლეფია".

"ეს არის კლასიკური შანტაჟი რუსეთის მხრიდან. ამიტომ ჩვენი ენერგოპოლიტიკა უნდა იყოს აწყობილი არა იმაზე, როდის დაიწყებს რუსეთი მუქარას, არამედ სიტუაციის რეალურ შეფასებაზე. აქედან გამომდინარე, თუ რუსეთი ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ქმნის და მყისიერი საფრთხეა, მაშინ ჩვენ ისედაც განგაში უნდა აგვეტეხა იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ რუსეთიდან მიღებული 2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზის შევსებას და არა ის, რომ შიშით დავთანხმდეთ "გაზპრომის" პირობას და კიდევ უფრო კაბალურ მდგომარეობაში ჩავიგდოთ თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 2,5 მილიონი ჯერ ერთი ისედაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება და დამატებით გაზის შესყიდვა და რუსულ გაზზე დამოკიდებულების 20%-მდე გაზრდა, რაზეც არის საუბარი, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს. ამიტომ სახეზეა, ერთი მხრივ, არასწორი ენერგოპოლიტიკის შედეგი, როდესაც ჩვენ საფრთხეები წინასწარ ვერ შევაფასეთ, მეორე მხრივ, რუსეთთან მოლაპარაკებებში ძალიან სუსტი და არასწორი მოლაპარაკებების წარმოება", - განაცხადა ხოშტარიამ.

GRASS-ის თანადამფუძნებელი ასევე ასახელებს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად უნდა გადადგას. მათ შორისაა: სწორი ენერგოპოლიტიკის წარმოება, ჰესების მშენებლობა და ახალი პროექტების დაწყება, რაც ქვეყნის რესურსებს გააძლიერებს; დიალოგი აზერბაიჯანთან, რომელიც მზადაა საქართველოსთვის გაზის მიწოდება გაზარდოს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელებამდეც; დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება სომხეთის მიმართულებით, რომლის ინტერესებშიცაა საქართველოს გავლით სატრანზიტო მარშრუტის არსებობა და რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის საკითხის წინ წამოწევა დასავლეთთან ურთიერთობებში.

"ანუ, ჩვენ სულ სხვა პოზიციონირება უნდა მოვახდინოთ. დღეს რუსეთს არ აქვს მყისიერად ამის საშუალება, რომ სომხეთს ირანის გავლით მიაწოდოს ბუნებრივი აირი. ეს არის ბლეფი. ჩვენ თუ დროზე არ დავიწყებთ რუსეთის საფრთხეების პროგნოზს, მოლაპარაკებების სწორად წარმოებას, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. თუ კიდევ ერთი წელი ვისაუბრებთ, რა ვქნათ, "გაზპრომის" გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვსო, გაისად რუსეთს კიდევ უფრო ძლიერი შანტაჟის ბერკეტი ექნება. მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები "გაზპრომთან", ტრანზიტიდან მიღებული საფასურის – გატარებული გაზის 10%-ის - დაკარგვის პოტენციალი თუ არის, ჩვენ მაინც უნდა გადავეწყოთ, თუმცა დამერწმუნეთ, თავად რუსეთისთვის ამ ტრანზიტის არსებობა მნიშვნელოვანია. სახეზეა ისიც, რომ აზერბაიჯანთან უკვე გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა და ეს გაგვირთულებს შაჰ-დენიზზე მოლაპარაკებას. ამიტომ ჩვენ თვითონ არ უნდა ჩავიგდოთ თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მართლა გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა