დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. დავით ნარმანია დღეს მერიაში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წელს განხორციელებული პროგრამების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახური მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდა. მისივე შეფასებით, 200 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი საკმაოდ ეფექტიანად იქნა ათვისებული.
"2015 წელს სამი ახალი მუნიციპალური პროგრამა დავამატეთ, 2016 წელსაც ასევე სამი ახალი პროგრამა დავამატეთ, რომლითაც სრულად მოვიცავით ყველა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რაც 2014 წლის ზაფხულში მივეცით თბილისელებს. წლის განმავლობაში, ერთდროულად 45 000-მდე მოქალაქეს მოვემსახურეთ და სხვადასხვა ჯანდაცვითი, თუ სოციალური მომსახურება გავუწიეთ თანამოქალაქეებს. ამ სამსახურის საქმიანობა ნამდვილად წარმატებულია", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა ჟურნალისტებთან გასულ წელს განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამებიდან ლეიკემიით დაავადებული და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მკურნალობის პროგრამები გამოყო. სოციალური პროგრამებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ მერია ასეულ თასობით ადამიანს ემსახურება, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ დახმარებას იღებენ. მისივე ინფორმაციით, ფულადი დახმარების სახით, მერიიდან 70 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. წელს დაგეგმილი პროექტებიდან კი გელა ჩივიაშვილმა ადრეული ძუძუს კიბოსა და ორთოპედიული დაავადების სკრინინგის პროგრამა გამოყო.
რაც შეეხება, უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წელს განხორციელებული პროგრამების ანგარიშს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამსახური 2015 წლის განმავლობაში ადმინისტრირებას უწევდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების 28 პროგრამას და მისი ბიუჯეტი 86.8 მლნ ლარი იყო. ჯანდაცვის მიმართულებით - 6, ხოლო სოციალური მიმართულებით 22 პროგრამა განხორციელდა.
2015 წელს ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დაინერგა, კერძოდ, "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის", რომლის მოსარგებლეა 325 ბავშვი, "C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების", რომლის ფარგლებში მომსახურება მიიღო 16 107-მა პირმა და "ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის", რომლის საშუალებითაც 10 პაციენტი დაფინანსდა.
სხვა პროგრამების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია:
2015 წელს "ონკოპრევენციის პროგრამის" ფარგლებში გაწეული მომსახურების რაოდენობამ 36 333 შეადგინა. "გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების პროგრამის" ფარგლებში 19 440 შემთხვევა დაფიქსირდა. "ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით" 3 178 პირმა ისარგებლა.
სოციალური მიმართულებით 2015 წელს ოთხი ახალი პროგრამა განხორციელდა:
"სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარების პროგრამით" დახმარება მიიღო 828-მა ოჯახმა. "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა", რომლის ფარგლებში 16 პროექტი დაფინანსდა; "სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლოთა მატერიალური დახმარების პროგრამა", რომლის ფარგლებში, 900 ლარიანი დახმარება 2 380 პირმა მიიღო. "სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მატერიალური დახმარების პროგრამით" 800 ლარი მიიღო 1 933 შშმ პირმა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სხვა ძირითადი პროგრამების დაფინანსების კუთხით მდგომარეობა შემდეგია: "100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის" ფარგლებში, 1000 ლარიანი დახმარება 39-მა ხანდაზმულმა მიიღო. "სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის" ფარგლებში 382 ბენეფიციარი დაფინანსდა. "შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის" ფარგლებში, მთისა და ზღვის კურორტზე 1650-მა შშმ პირმა და მათმა გამყოლმა დაისვენა.
"სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარების პროგრამის" ფარგლებში, გაორმაგებული ყოველთვიური 50 ლარიანი დახმარება 11 869 ბავშვმა მიიღო. "სოც.დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში სწავლების დაფინანსების პროგრამით" 1 726 ბავშვი დაფინანსდა. "სოც.დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსების პროგრამით" 2 554 ბავშვი დაფინანსდა. "სოც.დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების პროგრამით" 1294 ბავშვი დაფინანსდა. "შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარი, დეკემბრის მდგომარეობით, 841 პირი იყო.
"მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარების პროგრამით", 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, 1000 ლარით დაფინანსდა 569 ვეტერანი და 700 ლარით - 96 ამ ომში მარჩენადაკარგული პირი. "კომუნალური სუბსიდირების პროგრამით" ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდია ხუთი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 384 ათასზე მეტმა მომხმარებელ/აბონენტმა მიიღო, დასუფთავების - 314 ათასამდე აბონენტმა, ხოლო წყლის - 326 ათასამდე აბონენტმა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, 2015 წელს ბენეფიციარებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატებოდა 70 001-ს, სუბსიდია გაორმაგდა და 500 ლარი გახდა. "სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების პროგრამა" ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სამედიცინო და სხვა სერვისების მომსახურების დაფინანსებას. სულ, 2015 წელს, სამსახურში 25 833 განაცხადი შევიდა, საიდანაც, ნაწილობრივ ან სრულად 24 562 დაფინანსდა, ხოლო 1 271-ზე უარია ნათქვამი. საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების თხოვნით დაფინანსებულია 24 235 განაცხადი, ხოლო უცხოეთის კლინიკებში - 327.