საპატრიარქოს განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღება მათი ინიციატივა არ ყოფილა

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით, საპატრიარქო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას ეხმაურება, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა," რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.

რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.