ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ასევე თბილისის მერიის, სასწავლო დაწესებულებების, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, დეველოპერები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ტექნიკური რეგლამენტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დღეისთვის საქართველოში შენობა–ნაგებობების დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, მეტწილად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები და წესები გამოიყენება, რაც ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო უსაფრთხოებას.
"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" მიზანია შექმნას მინიმალური მოთხოვნები საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრეებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებების დროს.
შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის ტექნიკური რეგულირებისათვის "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საბჭოთა დროინდელი ნორმებისა და წესების, ასევე სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების დიდწილად ჩანაცვლების შესაძლებლობას შექმნის. ქართულ ენაზე არსებული საქართველოს ტექნიკური რეგლამენტი არქიტექტორების, ინჟინრების, ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ადმინისტრაციული ორგანოებისა და ექსპერტების საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით არის დამტკიცებული", - აცხადებენ სამინისროში.
