თავდაცვის სამინისტროსა და "მრავალეროვან საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ მოაწერა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა სახის, მათ შორის შემეცნებით და კულტურულ პროექტებში ითანამშრომლებენ.

"სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია შეიარაღებულ ძალებში. "მრავალეროვანი საქართველო" დიდი და ძლიერი ტრადიციების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაა და ბევრი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. ვაფასებთ ორგანიზაციის სურვილს, ამოგვიდგეს მხარში და დაგვეხმაროს ეროვნული უმცირესობების სულ უფრო მეტი წარმომადგენლისთვის ხმის მიწვდენაში იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს თავდაცვის სამინისტრო და როგორ შეიძლება შეიტანონ მათ საკუთარი წვლილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში",- განაცხადა ანა დოლიძემ.

InterPressNews.Ge