ირაკლი ოქრუაშვილი - გორის მერი დინოზავრების პერიოდის გადმონაშთია, თუ საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება

ქალაქ გორის მერი დინოზავრების პერიოდის გადმონაშთია, თუ საქმეს არ გააკეთებს, მისი თავი ქალაქში გაგორდება, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გორის მერი იურული ეპოქის გადმონაშთია.

"ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის დინოზავრების პერიოდი. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში. მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება გარეთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, მის კისერზე "დამოკლეს მახვილი" უკვე დადებულია. უნდა აირჩიოს, ან გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში და გაინძრევა, ან მის კისერზე "დამოკლეს მახვილი" დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება. მისი არჩევანია რომელს გადაწყვეტს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

დღეს გორში გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები და მოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაურის მიზეზი კი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული ის საკითხი გახდა, რომელიც ყოფილი ბაზრის სიახლოვეს, დროებით ბაზრის მოწყობას ითვალისწინებს.

მოვაჭრეები აღნიშნულ საკითხს იწონებენ, თუმცა, ქალაქის მერი და დეპუტატთა დიდი ნაწილი მას ეწინააღმდეგება, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის