2-3 აპრილს, სიღნაღში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ტრენინგი ,,რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი" გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის გამგეობებისა და საკრებულოების მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს რელიგიური ტოლერანტობის, სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ სემინარებს ჩაუტარებენ ექსპერტები: ზაზა ფირალიშვილი, ლევან აბაშიძე, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გელა კვარაცხელია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი. ტრენინგის მიზანი საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა. ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება.
