სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი პროფესორის სამსახურიდან ანტისტალინური შეხედულებისთვის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, აჟიოტაჟი გამოწვეულია მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების სურვილით და მოკლებულია ყოველგვარ სიმართლეს.
”ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავს პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. ქალბატონი არინა თავაქარაშვილი 11 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა უნივერსიტეტში და მისი პოლიტიკური შეხედულებები და სიმპათიები არასოდეს გამხდარა უთანხმოების საგანი. ბოლო პერიოდში იგი მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ და პედაგოგად. მიუხედავად მის მიმართ არსებული კეთილი განწყობისა, ქალბატონმა არინამ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2015 წლის 26 აგვისტოს, რის საფუძველზეც მან დატოვა ადმინისტრაციული თანამდებობა. მას შემდეგ იგი ირიცხება უნივერსიტეტის პედაგოგად საათობრივი ანაზღაურების წესით.
ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ამ პიროვნებისა და მისი „მხარდამჭერების“ დაუსაბუთებელი ბრალდებები - ეს ლაქას ცხებს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიურ პერსონალს, რომელიც წლებია, მაღალკვალიფიციურ დონეზე ემსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეს. მიუხედავად დოქტორის სამეცნიერო ხარისხის არქონისა, არინა თავაქარაშვილი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის კეთილი ნების საფუძველზე, მაინც აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა პოზიციაზე და უნივერსიტეტიდან წავიდა მხოლოდ საკუთარი სურვილით (როგორც ზეპირსიტყვიერად განმარტა, დროის სიმცირის გამო), პირადი განცხადების საფუძველზე და არა პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სიმპათიების გამო.
მეტიც, უნივერსიტეტი ხაზგასმით აპოლიტიკურია და ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება, რაც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის დისკრედიტაციას, რომელიც არის ევროპის რექტორთა კლუბის წევრი, ევროპული განათლების ხარისხის ნიშნისა და ლაურიატის მედლის მფლობელი”, - ნათქვამია განცხადებაში.