სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ გამარჯვებული თბილისის 195-ე საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან საჩუქრად პლანშეტები და გარდამავალი ჯილდო გადაეცათ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები დამატებითი კითხვების საშუალებით გამოვლინდნენ. მეორე ადგილზე თბილისის 21-ე საჯარო სკოლა გავიდა. მესამე ადგილი კი რუსთავის IV საჯარო სკოლამ დაიკავა. გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები წიგნებით პოეტმა ნანა ცინცაძემ დაასაჩუქრა.
პროექტის განმავლობაში, პირველად დასახელდა ჟიურის სიმპათია. ახალ ნომინაციაში გამარჯვება თბილისის 182-ე სკოლის გუნდმა მოიპოვა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გუნდის წევრებს საჩუქრად წიგნები გადასცა. მათივე ინფორმაციით, ინტელექტუარალური თამაშების ფინალურ შეხვედრაში თბილისის, გარდაბნის, რუსთავის, ბოლნისისა და მცხეთის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე წელია ტარდება. ინტელექტუალური თამაშის მიზანი თბილისის ისტორიის პოპულარიზაციაა.