სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს

თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს.

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და სტამბოლის მერმა კადირ ტოფბაშმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიაში მოაწერეს.

მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა ორ ქვეყანასა და ორ ქალაქს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მემორანდუმი, სწორედ, ამ ურთიერთობების გაღრმავებას, ახალ ფაზაში გადასვლას გულისხმობს.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები ავიღეთ თანამშრომლობისთვის, ეს არის - საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება, ასევე, აღსანიშნავია კულტურის სფერო. რამდენიმე თვალსაზრისით სტამბოლის გამოცდილება ჩვენთვის საინტერესოა, მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით ქალაქის განახლების კუთხით, ამიტომ ამ სფეროებშიც ძალიან აქტიური იქნება თანამშრომლობა უახლოესი შემდგომი პერიოდის განმავლობაში და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სტამბოლის მერმა გამოთქვა სურვილი ესტუმროს ჩვენს დედაქალაქს მიმდინარე წელს, ამიტომაც უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზეც იქნება შეთანხმება, თუ როდის დაიგეგმება მისი ვიზიტი", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, დაძმობილების მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, ადგილობრივი მმართველობის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, გამწვანების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე, სპორტის სფეროებში. ხელს შეუწყობენ მდგრად და მშვიდობიან განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.

ქალაქები მხარს დაუჭერენ ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, როგორიცაა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ბაზრობების, გამოფენებისა და ფესტივალების მოწყობა. დახმარებას გაუწევენ ინვესტორებსა და მეწარმეებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

მემორანდუმის თანახმად, თბილისი და სტამბოლი ხელს შეუწყობენ ერთმანეთს საერთაშორისო ასპარეზზე და ითანამშრომლებენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

დაძმობილების მემორანდუმის ხელმოწერამდე, დავით ნარმანიას სტამბოლის მერმა, კადირ ტოფბაშმა დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა, სადაც მემორანდუმის ძირითადი მიმართულებები მხარეებმა პირისპირ განიხილეს და კონკრეტული აქტივობები დაგეგმეს, ასევე, ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დავით ნარმანიამ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, დაძმობილების აღსანიშნავად, სტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად 5 ავტობუსს გადასცემს. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, დავით ნარმანია მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სტამბოლის მერის მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა.

InterPressNews.Ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა