თბილისში, კატო მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილე სოსო დავითაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მათი პრობლემა, რომელიც სამშენებლო ნარჩენებსა და მაღალი ტვირთამწეობის მანქანების გადაადგილებას შეეხება, ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.
”ჩვენი ძირითადი წუხილი მდგომარეობს იმაში, რომ მტკვრის ამ ნაწილიდან დაიწყო სამშენებლო ბალასტის ამოღება. პრაქტიკულად იმ მასალის, რაც ქმნის მდინარე მტკვრის კალაპოტს და ჯებირს. მთელი ამ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ამ ბალასტის ამოღება. რა თქმა უნდა, კომპანიას, რომელიც ამას აწარმოებდა, ჰქონდა შესაბამისი ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიღებული, თუმცა ძალიან დიდი შეშფოთების საგანი არის ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არ უნდა იძლეოდეს ნებართვებს ქალაქის ნაპირის ასეთ კონდიციამდე მიყვანაზე, რადგან ყველას გვახსოვს გასული წლის 13 ივნისი და არ გვინდა ეს განმეორდეს. ახლა უკვე მეორე ნებართვა გასცა გარემოს დაცვის სამინისტრომ, რომ ე.წ. რეკულტივაციის სარჩულით დაწყებულიყო ამოღებული მყარი მასის შევსება სხვა მასალით. სხვა მასალა კი გახლავთ სამშენებლო მასალა, საძირკველიდან ამოღებული მასალები. ქალაქში რაც შენდება ყველაფერი აქ მოაქვთ, ფილები, რა ვიცი ყველაფერი. არავინ ამოწმებს რადიაციულ ფონს. არც კი ვიცით არის თუ არა ეს ყველაფერი უსაფრთხო და არის თუ არა მიზანშეწონილი დასახლებულ პუნქტთან ამ ყველაფრის დაყრა. ეს ერთი საკითხია და მეორე - სანაპიროს გამოაცალეს მყარი მასა და შემოაქვთ მიწა, რაც შეიძლება მდინარის ადიდებისას გადაირეცხოს”, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივებს მეორე პრობლემაც აქვთ და ეს პრობლემა მაღალი ტვირთამწეობის ავტომობილების გადაადგილებაა.
”მეორე პრობლემა არის, რომ მაღალი ტვირთამწეობის, 20 ტონიანი მანქანები ეზიდებიან აღნიშნულ მასალას ჩვენი ქუჩის გავლით, რომლის ინფრასტრუქტურაც არ არის მოწყობილი, არის გრუნტის გზა. საშინელი მტვერია, გაუვალი გზა არის გაკეთებული. ეს გზა დიდი მანქანების სიარულის გამო გაფუჭდა. ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ქალაქის მერიას, ტრანსპორტის სამსახურს, რომელმაც დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და ჩვენს ქუჩაზე ამკრძალავი ნიშანი დაამონტაჟა, რომ იმ ავტომობილებმა, რომლებიც აქ დადიან, ჩვენს ქუჩაზე აღარ გაიარონ, თუმცა, ეს კომპანიის მხრიდან უგულებელყოფილია და არღვევენ მოძრაობის წესებს”, - განაცხადა დავითაშვილმა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ არაერთხელ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, მძღოლები კიდეც დაჯარიმდნენ, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ისინი მაინც აკრძალულ გზაზე დადიან.
ადგილობრივები ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურისგან გზის საფარის დაგებას ითხოვენ.
მიქელაძის ქუჩის მცხოვრებელების განცხადებით, შესაძლოა, თავად მოაგვარონ ეს პრობლემა და ფიზიკურად გადაკეტონ გზა, რათა კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული უფლება დაიცვან და მშვიდ და სუფთა გარემოში იცხოვრონ.
აღსანიშნავია, რომ ”ინტერპრესნიუსის” გადამღები ჯგუფის ადგილზე ყოფნის დროს მაღალი ტვირთამწეობის მქონე მანქანებმა ადგილზე მოძრაობა დროებით შეწყვიტეს, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, ის აღნიშნულ პრობლემურ გზაზე აღარ გაივლის.
ადგილზე დღესვე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური იმყოფებოდა. მათი განმარტებით, კომპანიას ნებართვა გააჩნია, რომ იმ ადგილას, სადაც წიაღისეული იქნა მოპოვებული, სხვა მასალებით ამოივსოს.
ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ და არ გამორიცხავენ, რომ აქციები კვლავ გამართონ.