რუსთავში იაღლუჯის ფერდობის გამწვანების აქცია მოეწყო, რომლითაც ფერდობის განაშენიანების პირველი ეტაპი დასრულდა. 3 ჰექტარი მიწის ფართობზე 3000 ძირი წიწვოვანი ხე - ელდარის ფიჭვი დაირგო.
გამწვანების აქციაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და რიგითი რუსთაველებიც იღებდნენ მონაწილეობას.
,,იაღლუჯას მთის გამწვანების პროექტი დაიწყო, უკვე სამ ჰექტარზე მეტი ტერიტორია განაშენიანდა, ეს არის შეუქცევადი პროცესი და მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში დაიწყო მიწის გადმოცემის პროცედურა, რომელიც შემდგომ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღევანდელმა ეკონომიკის მინისტრმა დაასრულა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აქტიურად იყო ჩართული და რაც ყველაზე მთავარია, ადგილზე - რუსთავის მერი დავით ჯიქია იყო ამ ყველაფრის სული და გული, ის ჩართო თავიდან ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველებს შერჩებათ გამწვანებული იაღლუჯას მთა და რუსთავში სუნთქვა უფრო კარგად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა.
იაღლუჯის გამწვანება რუსთავის მერის დავით ჯიქიას ინიციატივით მოხდა.
”ფერდობზე სპეციალური სარწყავი სისტემის მოწყობას რუსთავის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. დღეს დასრულდა იალღუჯის მთის ფერდობის განაშენიანების პროექტის პირველი ეტაპი, ჯამში ამ ტერიტორიაზე 3000 ელდარის ფიჭვის ნერგი დავრგეთ. ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ იაღლუჯის მთის ფერდობს გავამწვანებდით, პირობა პირობად არ დარჩა, მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ ეს ტერიტორია, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო რუსთავის საკუთრებაში დაბრუნებულიყო. ჯერჯერობით მოხდა სამი ჰექტარის გამწვანება, მეორე ეტაპზე 7 ჰექტარს გავანაშენიანებთ. მთავარი ისაა, რომ ამ ხეების მხოლოდ დარგვა არ მოხდება, ტერიტორია შემოიღობება, რომ დაცული იყოს, მერიის ააიპ ,,უზრუნველყოფის თანამშრომლები ამ ნერგებს მოუვლიან და სისტემატურად მორწყავენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
იაღლუჯის მთის ფერდობის განაშენიანების პროექტის მეორე ეტაპი მომავალ წელს განხორციელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 7000 ნერგი დაირგვება.