“სილქნეტი”, “ქლაბ ივერია” და “რედისონ ბლუ ივერია” მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check in Georgia-ს პარტნიორები ხდებიან.
თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელს მოაწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორი ნუგზარ ჩინჩალაძე, „რედისონ ბლუ ივერიას“ გენერალური დირექტორი ჯონ ლოსასო და კომპანია „ქლაბ ივერიას“ წარმომადგენელი დიმიტრი აბულაძე. ასევე მოხდება ახალი პროდუქტის - „ქლაბ ივერიას“ პრეზენტაცია, რომელიც ქართულ და უცხოურ ბაზარზე გათვლილ ლოიალურობის სისტემას წარმოადგენს. „ქლაბ ივერიას“ მისიაა, გაუადვილოს ტურისტებს წვდომა ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებზე და გახადოს ისინი ლოიალურები ქართული პროდუქტის მიმართ.
ამ ეტაპზე პროექტს Check in Georgia-ს საქართველოში მოქმედი 20-ზე მეტი ბიზნესსექტორის წარმომადგენელი შეურთდა. შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე წარმოჩინდნენ, როგორც Check in Georgia-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით. აღნიშნული კომპანიების მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 6 000 000 ლარს შეადგენს. ამასთან, მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა 2 მილიონი ლარი შეადგინა.