სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შპს ,,ეი-ბი-სი ფარმაციას“/„ფარმადეპო“-ს ბრალდებებს ეხმაურება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შპს ,,ეი-ბი-სი ფარმაციას“/„ფარმადეპო“-ს ბრალდებებს ეხმაურება. რეგულირების სააგენტო განცხადებას „ინტერპრესნიუსში“ 28 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიასთან (საჯარო მოხელე vs მეწარმე? (R)) დაკავშირებით აქვეყნებს. „ინტერპრესნიუსი“ რეგულირების სააგენტოს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მისამართით შპს ,,ეი-ბი-სი ფარმაციას“/„ფარმადეპო“-ს ზღვარგადასული და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები არც პირველია და თუ მათ აქამდე გამოვლენილ ფანტაზიის უნარს გავითვალისწინებთ, ალბათ, არც უკანასკნელი. თუმცა, აღნიშნული წერილის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ასეთ დროს ამბობენ, სრულად აცდენილია დროსა და რეალობაში. კერძოდ, სწორედ ამაზე მიუთითებს წერილში მოყვანილი სიტყვები - „სულ ახლახან, მიმდინარე წლის ნოემბერში“...(?! რ.ს).

სავარაუდოდ, იგულისხმება 2015 წლის 20 ნოემბრის სასამართლო პროცესი, რომელზეც ,,ეი-ბი-სი ფარმაციას“ მორიგი საქმე განიხილებოდა. მორიგი, რადგან, სამწუხაროდ, „ეი-ბი-სი ფარმაცია“ სამართალდარღვევების რიცხვით გამორჩეულია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც კანონმდებლობის მოთხოვნებს მასიურად არღვევენ. აღნიშნულის დასადასტურებლად ჩამოვთვლით ამ კომპანიის და მისი „შვილობილი კომპანიების“ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს: ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე ფუნქციონირება, პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების გაცემის წესის დარღვევა, ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის პირობების დარღვევა, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცეტული პროდუქტის მიმოქცევა.... ვფიქრობთ, ეს მცირე ჩამონათვალიც საკმარისია იმის ნათლად წარმოსადგენად, „ეი-ბი-სი ფარმაციას“ საქმიანობაში რა უფრო მეტია - ზრუნვა ხალხის ჯანმრთელობაზე, თუ საკუთარ შემოსავლებზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, წერილი როდისაა მომზადებული. ერთი კი ცხადია - ავტორ(ებ)ის მიერ ასეთი დაბნეული, აშკარად რეალობას აცდენილი, ცილისმწამებლური და უდავოდ, რატომღაც ნაჩქარევად ,,გამომცხვარი“ წერილი, გარკვეულ მიზანს ემსახურება...

კონკრეტულად, წერილში დაფიქსირებული ცილისმწამებლური განცხადებების შესახებ, რომლებიც რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსს, ნანა შაშიაშვილს შეეხება:

წერილის ავტორ(ებ)ის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ნანა შაშიაშვილის მხრიდან, ფარმაცევტული კომპანიის მისამართით ადგილი ჰქონდა ზღვარგადამეტებული და ეჭვისშემცველი განცხადებების გაკეთებას. რის შესახებაც, როგორც აღნიშნულია, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასაც მიმართეს. აღვნიშნავთ, რომ ორივე ამ უწყებიდან მიღებული აქვთ ადეკვატური, ობიექტური და კომპეტენტური პასუხები. ნანა შაშიაშილის მხრიდან კომპანიის კომერციულ საიდუმლოებაზე რაიმე ინფორმაციის გაჟღერება, ან სხვა კომპანიებთან მისი საქმიანობის რაიმე ჭრილში შედარება რომ არ მომხდარა, ეს საქმის არსებითმა შესწავლამაც დაადასტურა. არსებობს სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერი, სადაც, სავსებით გარკვევით ისმის შაშიაშილის რეპლიკა: „ თუ პაციენტზე ზრუნვა უნდა შპს „ეი-ბი-სი ფარმაციას“, მე ამოვიღე საიმპორტო და გასაყიდი ფასები, რომლის ბაზაზე წვდომა გამაჩნია. არ მოვიყვან იმ პროცენტულ ფასნამატებს... სჯობს გადახედოს ამ ფასნამატებს, ამით იზრუნოს პაციენტებზე“... თუმცა, ავტორ(ებ)ის მიერ ეს რეპლიკა მიზანმიმართულად, არასწორად იქნა ციტირებული.

ფარმაცევტულ პროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელისგან გამოთქმული აზრი - კარგი იქნებოდა, წამლის რეალიზატორ კომპანიას გადაეხედა ფარმაცევტული პროდუქტის ფასნამატისთვის, სტატიაში უფლებამოსილების გადამეტებადაა მოხსენებული.

ავტორ(ებ)ის მიერ, პრემიერ მინისტრის 2016 წლის 3 მარტის განცხადება საჯარო მოხელეების ქცევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასთან დაკავშირებით ისეთ კონტექსტშია მოხსენიებული, თითქოს, მოვალეობის შესრულებისას, საჯარო მოხელემ აშკარა კანონდარღვევის ფაქტები არ უნდა დააფიქსიროს და არ აქვს იმის უფლება, რომ სასამართლო პროცეზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. აღვნიშნავთ, რომ მოსამართლეს, სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება მიუღებლად არ ჩაუთვლია.

ნოემბრის, აღნიშნული სასამართლო პროცესი მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემას ეხებოდა. შესაბამისად, კავშირში არ არის წერილის მთავარ ხაზთან - ქვეყანაში იმპორტ-ექსპორტის ბალანსის საკითხთან. სრულიად გაუგებარია, ვის ადანაშაულებენ წერილის ავტორები იმპორტ-ექსპორტის თანაფარდობასთან დაკავშირებით, როცა ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორს თავად შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“ წარმოადგენს. შესაბამისად, ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურები და მათ შორის, რეგულირების სააგენტო, იმპორტ-ექსპორტის წარმოდგენილ სტატისტიკასთან დაკავშირებით არაფერ შუაშია.

გაუგებარი და ღიმილისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ავტორ(ებ)ი საქართველოს მთავარი პროკურატურის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის კრიტიკისას იყენებენ ტერმინს - „დაობებული პოსტ-საბჭოური აზროვნება“... სავარაუდოდ, უნდოდათ ეთქვათ - „საბჭოური აზროვნება“. კიდევ ერთი მაგალითი დროსა და რეალობაში აცდენისა.

დაბოლოს, წერილის ავტორ(ებ)ი-სა არ იყოს, საზოგადოებამ განსაჯოს, რეალურად რა მიზანს ემსახურება ,,წერილი წარსულიდან’’- ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ხალხზე ზრუნვას, თუ საკმაოდ გამჭვირვალე ინტერესებს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა