ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიცირებისთვის ქსელს აფართოებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჩუღურეთისა და ვაკის რაიონის შემდეგ, ახალი განყოფილება ისანში გაიხსნა. ახლად გახსნილი სერვის-ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ლაშა კილაძემ დაათვალიერეს. კახეთის შესახვევი №4-ში მდებარე ახალი განყოფილება 200-მდე ბენეფიაციარს მოემსახურება.
მათივე ინფორმაციით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი განყოფილებების გახსნა თბილისსა და რეგიონებში კიდევ არის დაგეგმილი, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 10 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონებში - 9 (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ზესტაფონი).
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
