მამუკა არეშიძე - ვფიქრობ, ერდოღანმა გადასარევად იცოდა, რომ მზადდებოდა ჯანყი მის წინააღმდეგ და უბრალოდ მოვლენებს დაასწრო

თუ ჩვენ საზღვრებთან მივიღეთ ავტორიტარული სახელმწიფო, რომელსაც შესაბამისი ისლამისტური იდეოლოგია აქვს, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მომავალში ჩვენთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ”ინტერპრესნიუსს” რეგიონში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.

მამუკა არეშიძის თქმით, თურქეთსა და სომხეთში განვითარებული მოვლენები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და რთული სათქმელია, რომ ამის უკან ერთი ქვეყანა იდგეს.

მისივე განმარტებით, თურქეთში ამბოხი სამხედროებმა წამოიწყეს, სომხეთში კი, ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებმა. განსხვავებულია მასშტაბებიც.

არეშიძის მოსაზრებით, მოვლენები უნდა შევაფასოთ ე.წ. დიდ კავკასიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე - დიდ კავკასიაში კი იგულისხმება რეგიონი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისკენ ახლო აღოსავლეთის რიგ ქვეყნებს მოიცავს, მათ შორის, თურქეთსა და ირანს.

არეშიძის თქმით, სირიის მოვლენებმა მიძგი მისცა ამ სივრცის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ახალი გადანაწილების პროცესებს. როგორც ექსპერტმა განმარტა, ახლა მიმდინარეობს მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ბრძოლა ამ სივრცეში რაც შეიძლება უკეთ დამკვიდრებისათვის.

”მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, ერდოღანმა გადასარევად იცოდა, რომ მზადდებოდა ჯანყი მის წინააღმდეგ და უბრალოდ მოვლენებს დაასწრო. სტიმული მისცა ამბოხის დაწყებას თავისი მეთოდებით და სამხედროებს ამბოხი ისეთ დროს დააწყებინა, როდესაც ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ. საბოლოო ჯამში, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური თვალსაზრისით, ერდოღანმა ამ ამბოხებით ”უამრავი კურდღელი დახოცა”. ძალიან სიანტერესოა, რომ ამბოხებულებს დააბრალა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, ე.ი. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ამერიკელებს დააბრალა, რომ ისინი დგანან ამ ამბოხის უკან. წელში გადატეხა არმია და უახლოეს მომავალში ახალ ამბოხს არ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ, ერდოღანი პრაქტიკულად ”თეთრ ცხენზე დაჯდა” და განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა. მოკლედ, ერდოღანმა მიაღწია, რაც უნდოდა. შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით გახდება ერთპიროვნული მმართველი და მერე მიხედავს საგარეო პოლიტიკას ანუ ბოლომდე შეეცდება იმ გეგმის რეალიზაციას, რომელიც ყოფილ ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე დღევანდელი თურქეთის გავლენების აღდგენას გულისხმობს”, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სივრცე მოიცავს სირიასაც, სამხრეთ კავკასიასაც. არეშიძის თქმით, თურქეთის დღევანდელი პოლიტიკური დოქტრინა გულისხმობს გავლენების აღდგენას კავკასიაზე. ერდოღანი ცდილობს შექმნას სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მაქსიმალური კონტროლი ჰქონდეს სამხრეთ კავკასიაზე. ექსპერტის მოსაზრებით, ეს ნიშნავს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის მუდმივად იქნება დაპირისპირება მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა ტაქტიკურად ახლა უკან დაიხია და ”ვითომ ბოდიში მოიხადა”.

ამასთან, მამუკა არეშიძის მოსაზრებით, საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა პროცესი, რომელიც ერდოღანმა ფეთჰულა გიულენის წინააღმდეგ წამოიწყო. არეშიძის განმარტებით, გიულენი იმ თურქული ორგანიზაციების ლიდერია, რომელსაც საქართველოში ფეხი უაღრესად აქტიურად აქვს მოკიდებული. მათ შორის, დემირელის სახელობის სკოლით, შავი ზღვის უნივერსიტეტით, შაჰინის სახელობის სკოლით ბათუმში და ა.შ. ექსპერტის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო წლებში ერთმანეთს ებრძოდა ორი თურქული - გიულენის და ერდოღანის დაჯგუფება და ამას არავინ ყურადღებას არ აქცევდა. არეშიძეს აქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო გააქტიურდება და ამ ჯგუფების დაპირისპირების საფრთხე გაიზრდება. ამის მაგალითად, ექსპერტს ბათუმში თურქეთის კონსულის განცხადება მოჰყავს. მისივე თქმით, გიულენის სკოლების თურქი პედაგოგები კარგა ხანია სამშობლოში ვერ ჩადიან და საქართველოში ცხოვრობენ.

რაც შეეხება ერევანში მიმდინარე პროცესებს. არეშიძის თქმით, იქ პროცესები ერთ-ერთმა პოლიტიკური პარტიამ წამოიწყო და მისი ლიდერი ლიბანელი სომეხი, ყარაბახის ომის მონაწილე ჟირაირ სეფირიანია, რომელიც ყარაბახის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ახლა დაპატიმრებულია, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში ჩაუდგა ხელისუფლებას.

”ჩემი ერევნელი კოლეგების აზრით, ეს პიროვნება უნდა ფინანსდებოდეს საზღვარგარეთიდან. ამბობენ, რომ ის იღებს დიასპორის ფულსაც, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის, მას ბრალს დებენ, რომ იღებს თურქულ ფულს. რამდენად მართალია, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ მართალია, რასაც ერევნელი კოლეგები მეუბნებიან, ნიშნავს, რომ ეს პიროვნება თამაშობს არა მხოლოდ სომხურ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ, ის არის გლობალური პოლიტიკის ნაწილი თუ თურქული ფულით მოქმედებს. ეს ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივი ფაქტია. თუ დიასპორის ფულით აკეთებს ყველაფერს, სომხური დიასპიროს ყველაზე ძლიერი გუნდი საფრანგეთში და რასაკვირველია, აშშ-შია. არ გამოირიცხება, რომ აშშ-ის სომხური დიასპორის ფულით მოქმედ ადამიანს შესაბამისი პოლიტიკური დაკვეთა ჰქონდეს”, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა