ბადრი ნაჭყებია - გადატრიალების ჩახშობის შემდეგ ერდოღანის გადადგმული ნაბიჯები არ გამორიცხავს რეგიონში სულ სხვაგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებას

თურქეთში მომხდარ წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასა და ევროპაში განხორციელებულ ტერაქტების მიზეზებსა და შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

- ბატონო ბადრი, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები კი გამოითქმის, მაგრამ, ფაქტია, რომ ერდოღანმა ხელისუფლება შეინარჩუნა. ახლა იგი აშშ-საგან დაჟინებით მოითხოვს ანკარას გადასცეს ამერიკაში მცხოვრები თეოლოგი, მისი ყოფილი თანამებრძოლი, გიულენი, რომელსაც ერდოღანი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკას თურქეთში განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. როგორ შეაფასებდით ანკარასა და სტამბოლში განვითარებულ მოვლენებს?

- დიახ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ გადატრიალებაში მონაწილეობას იღებდა სამხედროების უმცირესობა, ეს ადასტურებს იმას, თუ რა სამუშაო ჩაატარა პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ წლების განმავლობაში. მან შეძლო არმიის დიდი ნაწილის დამორჩილება და დაქვემდებარება.

ფაქტიურად, თურქეთის ისტრიაში მოხდა პირველი შემთხვევა, როცა სამხედრო გადატრიალებაში ჩართულმა ძალებმა შედეგს ვერ მიაღწიეს. ეს პირველ რიგში მეტყველებს იმაზე, რომ ერდოღანმა შეძლო კონსოლიდირება მოეხდინა უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის, მათ შორის სამხედრო ძალების რესურსის, რომელიც მის კონტროლს ქვეშ იმყოფებოდა.

თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ასეთ ტერმინსაც კი გამოვიყენებდი, ეს იყო ”დაგვიანებული გადატრიალების მცდელობა”

რაც შეეხება გიულენს. აშშ თურქეთს გიულენს არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს. ეს კარგად იცის თავად ერდოღანმაც, მაგრამ მან ფაქტობრივად თავისი ხალხის თვალში ქულები ჩაიწერა. გარდა ამისა, მას აშშ-სთან ურთიერთობაში გიულენის თემა ყოველთვის სავაჭროდ ექნება. ვინაიდან თურქეთის ხელისუფლების მიერ გადატრიალებაში გიულენის მონაწილეობა კანონიზირებულია, ერდოღანი უკან არ დაიხევს და მას ვაშინგტონთან ურთიერთობაში გიულენის საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში იქნება.

- გასაგებია, მაგრამ თუ გიულენი 15-16 ივლისის სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა, გამორიცხულია, რომ აშშ-ს სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ ამის შესახებ რეალურად ჰქონდა თუ არა კავშირი მას ამბოხებულებთან. კერის დიპლომატიური განცხადება სწორედ იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ გიულენი არაფერ შუაშია?

- რასაკვირველია, ეს ასეა. მე თურქეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ასეთ ტერმინსაც კი გამოვიყენებდი, ეს იყო ”დაგვიანებული გადატრიალების მცდელობა”. ვინაიდან, თურქეთში კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ათათურქის გზას გადაუხვია. არ არის გამორიცხული, რომ გარე ძალებს მართლაც გარკვეულწილად ხელი შეეწყოთ იმათთვის, ვინც ერდოღანის შეცვლას შეეცდებოდა.

თურქეთში წინა პერიოდებში განხორციელებულ ოთხ სამხედრო გადატრიალებას დასავლეთის მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია. დასავლეთის არც ის გაუპროტეტებია, როცა 1960 წელს აჯანყებულმა თურქმა სამხედროებმა 1961 წელს ჩამოახრჩვეს პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესი და მიაყოლეს ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები - ხასან პოლატკანი და ფატინა რუშტუნ ზოუღლუ. ინფორმაცია, რასაც ჩვენ თურქეთიდან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთის მოსახლეობაში გადატრიალებას ჰყავდა გულშემატკივრებიც. მათ როცა შეამჩნიეს, რომ გადატრიალება წარმატებით არ დასრულდებოდა, უარი თქვეს სახალხო გამოსვლებზე.

ერდოღანს ქვეყანაში ოპონენტების არაერთი წმენდა ჰქონდა ჩატარებული, მათ შორის სამხედროების. გადატრიალების მცდელობის ჩაფლავება მეტყველებს პრეზიდენტ ერდოღანის სიძლიერესა და გამჭრიახობაზე

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზულად იყო ორგანიზებული, ჩვენ ვიცით, რომ ყველა გადატრიალებას წინ სახალხო მღელვარება უძღვის. ამ შემთხვევაში არაფერი ამის მსგავსი არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს ხალხის აღშფოთება თურქეთში განხორციელებული ტერაქტების გამო, რაშიც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედაც რომ პრეზიდენტ ერდოღანს ადანაშაულებდა. ჩვენ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ პრეზიდენტ ერდოღანს ქვეყანაში ოპონენტების არაერთი წმენდა ჰქონდა ჩატრებული, მათ შორის სამხედროების. გადატრიალების მცდელობის ჩაფლავება მეტყველებს პრეზიდენტ ერდოღანის სიძლიერესა და გამჭრიახობაზე.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რეალურად, არანაირ გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა სამხედროების გარკვეულ ჯგუფებში უკმაყოფილობების შესახებ იცოდა, ისინი სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ იყვენ და გარკვეულ წილად მიუშვა და შემდეგ, მომხდარი სათავისოდ გამოიყენა?

- ასეთი ტექნოლოგიები მართლაც არსებობს. გადატრიალების მცდელობიდან გასულია ძალიან ცოტა დრო. ალბათ გამოჩდებიან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბების მოწმეები და ის, რეალურად თუ ვინ იდგა ამ ამბოხების უკან.

- საქმეც მაგაშია, რომ ამბოხებული სამხედროები არავის უნახავს ცისფერ ეკრანზე, მათ შორის იმ ტელევიზიაში, რომელიც სამხედროებმა დაიკავეს. არც ის ვიცით თუ რას ითხოვდნენ ისინი?

- დიახ, სწორედ ასეა. ამბოხი ისე დასრულდა, რომ ჩვენ მართლაც არ გვინახავს სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც სამხედრო გადატრიალებაში არა მარტო მონაწილეობდნენ, არამედ ამ პროცესის ლიდერები იყვენ. საუბარია ვინმე პოლკოვნიკ ყოზეზე, რომელიც მანამდე სამხედრო ძალებში არც ცნობილი და არც პოპულარული არ ყოფილა.

ამბოხი ისე დასრულდა, რომ ჩვენ მართლაც არ გვინახავს სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც სამხედრო გადატრიალებაში არა მარტო მონაწილეობდნენ, არამედ ამ პროცესის ლიდერები იყვენ

- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ერდოღანმა მოსამართლეების მესამედი დაიჭირა, აჯანყებულების სამაგალითოდ დასასჯელად სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს? ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო შედგენილი...

- ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ერდოღანს თავისი გეგმა, ხელისუფლების აბსოლუტიზაცია ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ გადადგმული ნაბიჯებით ერდოღანი უარს ამბობს ევროპულ ამბიციებზე, ირჩევს თავის ხაზს, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერდოღანის გზა.

ფაქტრობრივად ეს იქნება ”რესპუბლიკელებისა” და ქემალისტების სრული კრახი., რომლის შემდეგაც თურქეთის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ, შესაძლოა, ნაწილობრივ საქმე გვქონდეს ისეთ მოვლენასთან, როგორადაც განვითარდა პროცესები 70-იანი წლების ბოლოს ირანში. გადატრიალების ჩახშობის შემდეგ ერდოღანის გადადგმული ნაბიჯები არ გამორიცხავს რეგიონში სულ სხვაგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებას

- ევროპაში გახშირებული ტერაქტების მიზეზებზე დიამეტრალურად განსხვავებული აზრი გამოითქმის. ნიცაში განხორციელებული ტერაქტის რეკონსტრუირების სურათი ცხადყოფს, რომ იგი აშკარად განსხვავდება აქამდე განხორციელებული ტერაქტებისაგან. თქვენი აზრით, რა მიზანს ისახავდა ნიცაში მოქალაქეების დემონსტრირებულად სიცოცხლეს გამოსალმება? რითაა მოტივირებული დაუცველი ადამიანების უმოწყალოდ მასობრივი კვლა და რატომ ხდება ეს ასე ხშირად საფრანგეთში?

- ამ თემაზე მედიისათვის ხშირად მიწევს კომენტარების გაკეთება. მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ არ არის გამორიცხული ტერორისტებმა შეიძლება სხვადასხვა ტიპის ტერაქტების იმპროვიზაცია დაიწყონ. არ არის მეთქი აუცილებელი სხვადასხვა იარაღის გამოყენება. 2001 წლის 11 სექტემბრის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თვითმფრინავების საშუალებით განხორციელდა.

ნიცის შემთხვევაშიც სატრანსპორტო საშუალება იყო გამოყენებული. რასაკვირველია, მასშტაბებს ვერ შევადარებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანქანების დაჯახებით უკვე მერამდენე წელია პალესტინის ტერიტორიაზე ომი ”ინტიფადა” მიმდინარეობს. პალესტინელი ტერორისტების ლოკალური ჯგუფები მოქალაქეებს გაჩერებებზე, მაღაზიებთან მანქანებით ეჯახებიან. არ ვეთანხმები იმას, რომ ეს ახალი მეთოდიკაა, მაგრამ, საინტერესო ისაა, რომ ნიცა საფრანგეთის ქალაქია და იგი ევროპაში მდებარეობს. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტერაქტზე პასუხიმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და აღიარა, რომ მანქანის მძღოლი იყო მათი ჯარისკაცი.

საფრთხე იმაშია, რომ თვითორგანიზებულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა შესაძლოა, სხვადასხვა საშუალებები გამოიყენონ. საუბარია სხვადასხვა საპრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზე

ჩვენ მოწმე ვართ იმისა, რომ თვითორგანიზებული ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც ჯიხადის იდეებში დარწმუნებული არიან, ანხორციელებენ ტერაქტებს. ამის კარგი მაგალითი იყო 2004 წლის 11 სექტემბერს ”ალქაიდას” მიერ ევროპაში, კერძოდ, მადრიდში განხორციელებული ყველაზე დიდი ტერაქტი. ამის იდენტური ტერაქტი მოხდა გასული წლის დეკემბერში ამერიკის ქალაქ სან-ბერნარდინოში, სადაც რადიკალმა ექსტრემისტმა ცოლ-ქმარმა 18 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ახლახანს აშშ-ს ქალაქ ორლანდოში ავღანური წარმოშობის ტერორისტმა გვარად ომარ მატინმა, 50-მდე გეი დახოცა მათივე კლუბში.

აი ეს გახლავთ ახალი საფრთხე. საფრთხე იმაშია, რომ თვითორგანიზებულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა შესაძლოა, სხვადასხვა საშუალებები გამოიყენონ. საუბარია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზე. ტერორისტების მხრიდან ამგვარი ტაქტიკა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან საფრანგეთში 20 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს. მათ უმეტესობას ჰყავს მანქანა და მათი გაკონტროლება ძალიან ძნელია.

- ”ისლამურ სახელმწიფოსა” და სხვა რადიკალური ისლამური დაჯგუფებების ევროპაში აქტიურობას დამკვირვებელთა ნაწილი მულტიკულტურალიზმის მარცხით, ზოგიც ევროპული ცივილიზაციის სისუსტით ხსნის. ალბათ ერთიცაა და მეორეც, მაგრამ თქვენი აზრით, რატომ ვერ ებრძვის ეფექტურად რელიგიური ნიშნით ტერორიზმს ევროპა და ამერიკა?

- გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპამ იცოდა მხოლოდ მემარცხენეების, ანაც მემარჯვენეების ტერორიზმის შესახებ, მაგრამ ისლამურ ტერორიზმზე საუბარი საერთოდ არ იყო.

ევროპაში ლიბერალიზაციის აღზევების კვალდაკვალ 70-იანი წლების ბოლოდან იწყება ევროპაში მუსლიმების დიდი ნაკადის შესვლა, რასაც მოჰყვა კლასიკური გეტოების ფორმირების პროცესი

დასავლეთ ევროპაში ლიბერალიზაციის აღზევების კვალდაკვალ 70-იანი წლების ბოლოდან იწყება ევროპაში მუსლიმების დიდი ნაკადის შესვლა, რასაც მოჰყვა კლასიკური გეტოების ფორმირების პროცესი. ამგვარ გეტოებს ჰყავდათ და ახლაც ჰყავთ თავისი ”სოციალური სამსახურები” და ”პოლიციაც.” თუ დღეისათვის ევროპაში იოლად ხდება პოლონელი, რუსი, ანაც სხვა მიგრანტების ინტეგრირება ამა თუ იმ ქვეყნაში, ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩნდება სირიული თუ პაკისტანური, ანაც ბანგლადეშური გეტოები. პოლიტკორექტულობით, თუ ლიბერალური რადიკალიზმით ხშირად სარგებლობენ ტერორისტული ჯგუფები და ფაქტიურად ევროპის სხვადასხვა რეგიონებში ვიღებთ პატარ-პატარა თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს.

ლიბერალური რადიკალიზმით ხშირად სარგებლობენ ტერორისტული ჯგუფები და ფაქტიურად ევროპის სხვადასხვა რეგიონებში ვიღებთ პატარ-პატარა თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს

ბელგიის მოლიტბეკის რეგიონში პოლიციამ ოპერაცია იმის გამო ვერ ჩაატარა, რომ ისინი საღამოს 9 საათიდან დილის 4 საათამდე ელოდნენ პრემიერმინისტრის აპარატის გადაწყვეტილებას ოპერაციის დაწყებაზე, რის გარეშეც მათ მოქმედების უფლება არ ჰქონდათ. ახლა ამ და სხვა საკითხებზე ფრანგი და სხვა ქვეყნის ექსპერტები მოითხოვენ კანონების გამკაცრებას.

- იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” ჯარის შემადგენლობაში 3-დან 7 ათასამდე რუსეთის მოქალაქეა ჩართული, ხოლო კრემლის ამოცანაა საერთაშორისო იზოლაციას თავი დააღწიოს, დასავლეთს უარი ათქმევინოს რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე, გერმანული დაზვერვა კი ამტკიცებს, რომ გერმანიაში საკმაოდ დიდი რუსული ჯაშუშური ქსელი არა მარტო არსებობს, მისი მოქმედება სულ უფრო ხელშესახები ხდება, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებები ირიბად ხომ არ ადასტურებს იმას, რომ არაა გამორიცხული ევროპაში ტერაქტების უკან კრემლის სამხედრო დაზვერვა იდგეს, როგორც ამას თავად ევროპელ ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს?

- მე არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ იმას,რომ მოსკოვს ჰქონდეს გარკვეული ინტერესები ამ პროცესებთან მიმართებაში, იმისათვის რომ ეს პროცესები თავის სასარგებლოდ მართონ. თუ, რა თქმა უნდა, მას ამის საშუალება მიეცემა. რუსეთისათვის ტერორისტების გამოყენება უცხო რამ არაა. ჩვენც გვაქვს ბევრი კითხვები კრემლთან. 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული მთიან ხალხთა კონფედერაციის ქვედანაყოფები, რომელთა ნაწილს ხელმძღვანელობდა შამილ ბასაევი. მაშინ ის კრემლისთვის არ იყო ტერორისტი და იყო მებრძოლი-პარტიზანი. მოგვიანებით რუსეთმა ის ტერორისტად გამოცხადა. როცა იგი აფხაზეთში დანაშაულობებს ჩადიოდა რა მაშინ არ იყო იგი საშიში ტერორისტი და ამის შესახებ მოსკოვმა არ იცოდა?

ევროპაში, პირველ რიგში საფრანგეთსა და ბენელუქსის ქვეყნებში ტერორისტული აქტები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს. იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას შეაჩერებდა

სამწუხაროდ, სსრკ-ს ისტორიაში იყვნენ მემარცხენე ტერორისტები, მაგალითად ვენესუელელი ილიჩ რამირეს სანჩესი, რომლის ზედმეტსახელი იყო ტურა-კარლოსი. იგი მოსკოვის პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდგომ კი 70-80-იან წლებში ტერორისტების ლიდერი იყო ევროპაში. ხან ინგლისში ააფეთქებდა რამეს, ხან კიდევ სხვაგან. რუსებს რომ ევროპაში ტერაქტების განხორციელებაში ინტერესი ჰქონდეს, ამას არ გამოვრიცხავ. ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

- გასაგებია, რომ არც აშშ-ს, გერმანიის და არც საფრანგეთის პირველი ეშელონის პოლიტიკოსებს ამგვარი ვარაუდები არ გამოუთქვამთ, პირიქით, ისინი იმედოვნებენ რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მაგრამ, თუ ამავე თემაზე დუმის კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის ნათქვამს გავიხსენებთ, რომ - ”ევროპაში სამი ტერაქტი მოხდა, მაგრამ დასავლეთი უარს არ ამობს მოსკოვის მიმართ ”რუსეთის შეკავების” პოლიტიკაზე”, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვს ამ ტერაქტებთან პირდაპირ თუ ირიბად რაღაც აკავშირებს? ყოველ შემთხვევაში კრემლის მესიჯი ცხადზე უცხადესია - თუ არ გინდათ ტერაქტები, უარი თქვით სანქციებსა და ”რუსეთის შეჩერების პოლიტიკაზე”, ასე არ გამოდის?

- 80-იანი წლებისაგან განსხვავებით დღეს დასავლეთს დაბეჯითებით არ შეუძლია რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულოს ევროპაში მომხდარ ტერაქტებში. დასავლეთი რაც შეუძლია იმას აკეთებს რუსეთის შესაკავებლად. ნატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები ამაზე მეტყველებს. ნატოს ბატალიონების განლაგება ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ეს ის მაქსიმუმი იყო, რაც დასავლეთს რუსეთის შეკავებისთვის გაეკეთებინა.

რუსებს რომ ევროპაში ტერაქტების განხორციელებაში ინტერესი ჰქონდეს, ამას არ გამოვრიცხავ. ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება

მიუხედავად ამისა, მე არ გამოვრიცხავ რეგიონში ვითარების დაძაბვას. თუ ისევ თურქეთის მოვლენებს დავუბრუნდებით, ჩემი აზრით იქ პირველ რიგში მოსალოდნელი იქნება პრეზიდენტ ერდოღანის გაძლიერება და მისი ხელისუფლების კლასიკურ დიქტატურად ჩამოყალიბება. ასევე მოსალოდნელია დესტრუქციულად გააქტიურების თვალსაზრისით ქურთთა მუშათა პარტიისა და ქურთული დაჯგუფებების გააქტიურება.

- რაც შეხება ევროპას, აქ ტერორისტების აქტიურობა კიდევ იქნება შესამჩნევი?

- ჩემი აზრით, ევროპაში, პირველ რიგში საფრანგეთსა და ბენელუქსის ქვეყნებში ტერორისტული აქტები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს. იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას შეაჩერებდა. ადრე თუ გვიან მსოფლიოში ისტორიულად ტერორისტებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდებოდნენ. ამის კარგი მაგალითია იასირ არაფატი. გვიან, მაგრამ მსოფლიომ, მას და იცხაკ რაბინს ნობელის პრემია მიართვა. ესეც ხდება.

საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მოქმედება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბოლომე იბრძოლებს მსოფლიოში მრავალპოლუსიანი სამყაროსა და ახალი წესრიგის დასამყარებლად

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდეს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, ან ”ფრონტ-ალ-ნუსრათან”, რომელიც სირიაში ალ-ქაიდას ფილიალია, ან ”ისლამურ სახელმწიფოსთან” მოლაპარაკება. მექანიზმი მე მესახება ასეთი - ადრე თუ გვიან, ალბათ მოხდება ”ისლამური სახელმწიფოს” ხალიფა ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია და მის ადგილას მოვა სხვა პიროვნება, ვისთანაც გაიმართება მოლაპარაკებები. ახლა საფრანგეთმა და დასავლეთმა რომ დაიწყონ სირიაში სახმელეთო ოპერაცია და ისეთივე ძალებით ჩაერთონ პროცესში როგორც რუსეთი, მათ ჯერჯერობით არ გაჩნიათ არანაირი მექანიზმი რომ ევროპის ტერიტორიაზე თავიდან აიცილონ კიდევ უფრო მასშტაბური ტერაქტები.

- 17-18 ივლისს სომხეთის ერებუნსა და ყაზახეთის ალმა-ატაში ექსტერემისტების აქტიურობას ჰქონდა ადგილი. ალმა-ატაში არატრადიციული ისლამის მიმდევრები აქტიურობენ, ხოლო ერებუნში პოლიტიკური მარგინალები. თქვენი აზრით, რისი გამოძახილი შეიძლება იყოს ის, რაც სომხეთსა და ყაზახეთში ხდება? შეიძლება ეს მოვლენები ნაწილი იყოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის აქტიურობისა და გეგმების?

- ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო გადანაწილების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ”ცივი ომი” სოციალისტური ბანაკის კრახითა და სსრკ-ს დაშლით დასრულდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მოქმედება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბოლომე იბრძოლებს მსოფლიოში მრავალპოლუსიანი სამყაროსა და ახალი წესრიგის დასამყარებლად.

- კარგა ხანია მრავალპოლუსიანობის მიზანშეწონილობაზეა საუბარი, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ მსოფლიო ეკონომიკაში 2%-იანი წილის მქონე რუსეთს, რომელიც ტექნოლოგიებით არ გამოირჩევა, პირიქით ჩამორჩება კიდეც, რაიმე მიმზიდველ პოლუსად მოაზრება საკმაოდ ძნელია...

- ეს გასაგებია, მაგრამ რუსეთი თვლის, რომ მას აქვს ბირთვული იარაღი, ენერგორესურსები, უზარმაზარი ტერიტორია, რაც სრულიად საკმარისია იყოს პოლუსი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა