საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს შეხვდნენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარგველაშვილმა პირველ ლედისთან და დელეგაციასთან ერთად ზღვისპირა ქალაქის ისტორიული უბნები დაათვალიერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოსმანმა განაცხადა, საქართველოსა და სლოვენიას ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.
”ბატონო მერო, მსურს გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური ანბანი, ასე, რომ ჩვენი ხელნაწერი არაა ლათინური, ის უნიკალურია და განსხვავებული. ეს არის სრულად სხვა ენა და ერთ-ერთია არსებულ 14 ანბანს შორის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ”ოქროს წიგნში” ჩანაწერი გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის.
”ეს არის განსაკუთრებული ვიზიტი, რადგან ჩვენ ვნახეთ სლოვენიური მასპინძლობა, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ გამორჩეულია. მჯერა, რომ ჩემს მოქალაქეებს სრულად უნდა გავუზიარო ის დიდი გამოცდილება, რომელიც მე აქ მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ძალიან მოწადინებულნი იქნებიან ესტუმრონ სლოვენიას და თქვენს არაჩვეულებრივ ქალაქს. მადლობელი ვარ ამ მიღებისათვის და მოუთმენლად ველოდები ჩვენს ერებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებას“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პირანის მერთან შეხვედრით საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.