გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ მზად ვართ რუს კოლეგასთან შესახვედრად, თუ იქნება პოლიტიკური გააზრება, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება

ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის, თუ იქნება პოლიტიკური ნება და გააზრება იმის, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთირუსული პრობლემა არ წყდება, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში შეკითხვას, აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე არის თუ არა მზად რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის.

როგორც მარგველაშვილმა განმარტა, საქართველო უნდა წავიდეს მომზადებულ შეხვედრაზე და შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის, რომელსაც არ ექნება კონკრეტული დღის წესრიგი, არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს.

„ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის, თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება მარტო საქართველოში ვერ წარმოიქმნება, ეს პოლიტიკური ნება უნდა წარმოიქმნას საქართველოშიც და რუსეთშიც. თუ იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმ რეალობის გააზრება, რომ საქართველოს ოკუპაციით არც ერთი რუსული პრობლემა არ წყდება, არამედ პირიქით, რუსეთს, როგორც დიდ მოთამაშეს ამით მხოლოდ ქულები აკლდება, თუ იქნება იმის გააზრება, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის, არამედ საქართველო თავისი სუვერენიტეტის დაცვის პირობებში კეთილმეზობლობისკენაა განწყობილი, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრას ექნება აზრი. მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ელაპარაკო. შესაბამისად, იმედი მაქვს, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩნდება რაციონალური გააზრება იმ სირთულეებისა, რომელიც რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ რეგიონში წარმოქმნა და ჩვენ რაღაც მომენტში მივალთ რაციონალური დიალოგის კონტექსტამდე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უშუალოდ აგვისტოს ომის შემდგომი 8-წლიანი ისტორიაც შეაფასა და როგორც აღნიშნა, 2008 წლის ომმა ოკუპანტს აჩვენა, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ. მარგველაშვილის თქმით, ამის კარგი მაგალითი გიორგი ანწუხელიძე იყო. „გიორგი ანწუხელიძემ იმ დღეებში ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნა მომავლის იმედი, ღირსება და თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ. ამ იმედით და ამ ემოციით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოღვაწეობას იმისთვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და რეალურად მივიდეთ იმ ისტორიულ სამართლიანობამდე, რომელიც ერთიან საქართველოს აძლევს განვითარების, რეგიონის გაძლიერების და ქართველი ერისთვის მისი კუთვნილი ადგილის მიჩენის შესაძლებლობას. 8 წლის წინ მოხდა ომი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გაუგებარ პრეცედენტად შევა ომების ისტორიაში... ეს არის ვითარება, როდესაც არც ერთმა მხარემ არ მოიგო, არამედ ყველამ წააგო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ომიდან 8 წლის თავზე აბსოლუტურად იზიარებს იმ საგარეო კურსს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. „ესაა სტრატეგიული მოთმინების კურსი, რომელიც ორიენტირებულია რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. პირველი ესაა არაღიარების პოლიტიკის მტკიცე შენარჩნება, რადგან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ არც ერთ კონტექსტში არავინ - მსოფლიო სახელმწიფოების უმეტესობა არ მიიღებს ამ ოკუპაციას, არ მიიღებს ფაქტს, რომ მეზობელმა ქვეყანამ მეორე მეზობელ ქვეყანას საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები შეუცვალა. ეს ასეც არის და ამას ვაგრძელებთ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი მხარდაჭერა დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების კუთხით გაეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენ რუსეთს კი არ ვუპირისპირებთ ხმამაღალ, მჭახე განცხადებებს, არამედ ვთავაზობთ საუბარს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ფორმატებს, რომლითაც ეს ისტორიული აბსურდი, რომელიც ჩადენილია საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს. არავის უთქვამს, რომ ეს იქნება ერთ დღეში ან ორ დღეში და რომ ასეთი რაციონალური პოლიტიკა ნაყოფს გამოიღებს დღეებსა და თვეებში, მაგრამ ეს არის ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც შენ უნდა ელაპარაკო შენს მეზობელ, ბირთვულ სახელმწიფოს და მეტიც, ესაა ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ რეალურად შეგვაძლებინებს არა მარტო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ ჩვენი იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც ცხოვრობენ ამ ოკუპირებლ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის