საქართველოში ავსტრიის საელჩო იხსნება. ავსტრიის პირველი ელჩი საქართველოში, რეზიდენციით თბილისში, არად ბენკო იქნება, რომელმაც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესრწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, არად ბენკომ ის სამი მიზეზი დაასახელა, რისთვისაც ავსტრიამ საქართველოში საელჩოს გახსნა გადაწყვიტა.
"პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენ ვხედავთ, საქართველო არის დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზას და ვიმედოვნებთ, საელჩოს გახსნით ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ საკითხში. მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ყურადღება მივაქციოთ ყველა კონტრიბუციას, რომელიც ავსტრიამ გასწია განვითარების მიზნებისთვის. ჩვენ დავხარჯეთ 80 მილიონი ევრო გასული 20 წლის განმავლობაში და ვიმედოვნებთ, ასევე, გავზარდოთ ორმხრივი ბიზნესი. ავსტრიის მხრიდან არის დიდი ინტერესი საქართველოსთან ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით და ჩვენი როლი იქნება, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს. მესამე მიზეზი კი არის კულტურული - საქართველო ლამაზი, მაღამთიანი ქვეყანაა, გაცილებით მაღალი მთებით, ვიდრე ავსტრიის. მე მსმენია, რომ ქვეყნები, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ, ყოველთვის მეგობრულები არიან ერთმანეთის მიმართ. ჩვენთვის ღვინო ძალიან მნიშვნელოვანია - დამღლელი დღის შემდეგ ერთი ან მეტი ჭიქა ღვინის მიღება და იგივეა საქართველოშიც. თქვენ ასევე გაქვთ ჭაჭა. ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს ავსტრიის მხრიდან ტურიზმის და კულტურის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით გააკეთოს მეტი და ამიტომ ვხსნით აქ საელჩოს", - განაცხადა არად ბენკომ.
ავსტრიის საელჩო საქართველოში ფუნქციონირებას შემოდგომიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ახლად დანიშნული ელჩი აღნიშნულ მისიამდე ლატვიაში მსახურობდა.