ლოზუნგი - ევროკავშირს კი, ნატოს - არა, არის დემაგოგია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” აკადემიკოს ლევან ალექსიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და თქვენი კოლეგა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მტკიცებით, საერთაშორისო სამართალი ”უბლოკო სტატუსის” ცნებას არ იცნობს, არჩევნების მოახლოების კვალობაზე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა ”უბლოკო სტატუსის” შესახებ, აქტიურად განიხილება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე სამართლებრივ ანალიზს აზრი იმის გამო არ აქვს, რომ როცა ნ. ბურჯანაძე ”უბლოკო სტატუსზე” საუბრობს, სამართლებრივი კატეგორიებით არ საუბრობს და მისი განცხადებების ადრესატი არც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები და არც კონსტიტუციონალისტები არ არიან. მათივე მტკიცებით, ბურჯანაძე თვლის, რომ ასეთი განწყობები ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილში არის და შესაბამისად, იგი წმინდა პოლიტტექნოლოგიური სვლებით ამ სეგმენტის გაზრდაზე მუშაობს. იმის გამო, რომ თემა აქტუალურია, გვინდა ამ საკითხში მეტი სიცხადის შეტანა თქვენ გთხოვოთ. რა არის ”უბლოკო სტატუსი”? დღევანდელ მსოფლიოში ვის აქვს და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა იგი იმ ქვეყნებისთვის, ვინც პოლიტიკურ პრაქტიკაში უბლოკო სტატუსზე გააკეთა არჩევანი?

- დიახ, ახლა მართლაც აქტიურად განიხილება ე.წ. ”უბლოკო სტატუსის” თემა. ჩემში გარკვეულ გაკვირვებას იწვევს ამ საკითხზე ატეხილი ხმაური და არაკვალიფიციური პოლემიკა. ამ თემაზე მე პრესასთან წინა ინტერვიუებში მართალია სქემატურად, მაგრამ მეტ-ნაკლებად ვისაუბრე. თუ ამის საჭიროება კვლავაც არსებობს, არ დაგზარდებით.

როცა ჩვენ ”უბლოკო სტატუსზე” ვსაუბრობთ, ვერავითარ პოლიტტექნოლოგიურ ტერმინოლოგიაზე და ხრიკებზე ვერ ვილაპარაკებთ. აბსოლუტურად განსხვავებულ ცნებებთან გვაქვს საქმე. ტერმინი უნდა გამოხატავდეს იმას, რაც დამკვიდრებულია საერთაშორისო სამართალში. აბსოლუტურად სხვა რამაა ”ბლოკებს მიუმხრობელი სტატუსი” და ე.წ. „უბლოკო სტატუსი.“ ”ბლოკებს მიუმხრობელი” არის ტერმინი, ინგლისურად “Non-Aligned”, რომელიც აქვთ სახელმწიფოებს, რომლებიც ფორმალურად არ ემხრობიან და არც ეწინააღმდეგებიან არც ერთ სამხედრო ბლოკს.

როცა ჩვენ ”უბლოკო სტატუსზე” ვსაუბრობთ, ვერავითარ პოლიტტექნოლოგიურ ტერმინოლოგიაზე და ხრიკებზე ვერ ვილაპარაკებთ. აბსოლუტურად განსხვავებულ ცნებებთან გვაქვს საქმე. ტერმინი უნდა გამოხატავდეს იმას, რაც დამკვიდრებულია საერთაშორისო სამართალში

„ბლოკებს მიუმხრობელი“ ცნების წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მოძრაობასთან, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა და აერთიანებდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც კოლონიალიზმიდან თავის დააღწევას და იმპერიალისტური ზრახვების ყოველგვარი გავლენისაგან განთავისუფლებას ცდილობდნენ. მათ მიიღეს გადაწყვეტილება გაეტარებინათ ”მიუმხრობლობის პოლიტიკა,” ანუ ყოფილიყვნენ ”მიუმხრობელი სტატუსის” მქონე სახელმწიფოები. მათ შეიმუშავეს ოთხპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ურთიერთდახმარებას, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობას და სხვა საკითხებს ითვალისწინებდა. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ ბლოკებში, რომელიც იყო შექმნილი დასავლეთის მიერ (ნატო) და ევროპის აღმოსავლეთში - სსრკ-სა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მიერ (ვარშავის ხელშეკრულება).

ვიმეორებ, ტერმინი ”უბლოკო სტატუსი” არის არარაობა და დღეს მისი გამოყენება არანაირი პოლიტტექნოლოგია არ არის. იგი უბრალოდ არასწორად გამოყენებული ტერმინია. ანუ, არსებობს ტერმინი - ”ბლოკებს მიუმხრობელი სტატუსი”. ამ სტატუსის მქონე ქვეყანა არც ერთ ბლოკში მონაწილეობას არ იღებს. მას შემდეგ, რაც ”ცივი ომი” დასრულდა, ამ მოძრაობამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და დღეს, პრაქტიკულად სულსაც კი ღაფავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოძრაობა პრაქტიკულად არც არსებობს.

გაუგებარია თავად ტერმინი ”უბლოკო სტატუსი”. ეს არის ზემოთ აღნიშნული „ბლოკებს მიუმხრობელი“ ტერმინის არასწორი ქართული თარგმანი. ამგვარად, ამ ტერმინის გამოყენება ნებისმიერი სახის დისკუსიაში, მით უმეტეს საკანონმდებლო ინიციატივისათვის, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ამიტომ, ვინც ამ ტერმინს უკომენტაროდ იყენებს, ვურჩევდი გამოიყენონ ის ტერმინი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ლიტერატურაში და პრაქტიკაში არის მიღებული.

დასავლეთში ცნობილი იყო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. როცა ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ”ნეიტრალურ სტატუსსა” და ”უბლოკოს სტატუსს” შორის განსხვავებააო, მე დავამატებდი, განსხვავება, რა თქმა უნდა არის, და იგი პოლიტიკურია.

ამის მაგალითია ფინეთი, რომელსაც რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაწერილი აქვს, რომ იგი ნეიტრალური სახელმწიფოა. დასავლეთი, როგორც აღინიშნა, ამას აიგივებს მიუმხრობლობის სტატუსთან, მაგრამ დღეს რეალობა სხვაგვარია, ვინაიდან ფინეთი უკვე აღარ არის არც ნეიტრალური და არც მიუმხრობელი. დღეს შვედეთიც კი კარგავს თავის ნეიტრალიტეტს, ანუ „მიუმხრობელ“ პოლიტიკას. ანუ წმინდა ანტიკოლონიალიზმის ცნების გარდა, დასავლეთში მას სხვა მნიშვნელობა არ ჰქონია.

- თუ ფინეთზე უკანასკნელ პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს მივადევნებთ თვალს, მხედველებაში მაქვს ფინეთ-ნატოს შორის ურთიერთოებები, სურათი აშკარად განსხვავდება იმისაგან, რაზეც ”უბლოკო სტატუსის” მხარდამჭერი პოლიტიკოსები საუბრობენ. რა უნდა ვიფიქროთ, ისინი არ არიან სრულად ინფორმირებულები? ინტერნეტის ხანაში ეს ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია? თუ ისინი ინფორმაციის სხვა, ნაკლებად სარწმუნო, ანაც პირიქით, მეტად სარწმუნო წყაროებით სარგებლობენ?

- მე ეჭვი მეპარება რომ არ იციან, მაგრამ განგებ მაინც ასე საუბრობენ. შესაძლოა, ბევრმა არც იცის რაზე საუბრობს, მაგრამ მაინც საუბრობს. ზოგმა იცის, მაგრამ დარწმუნებით საუბრობს ე.წ. უბლოკო სტატუსზე და მაგალითად მოჰყავს ფინეთი. როგორც ვთქვი, ფინეთს რუსეთთან აღებული აქვს ვალდებულება რომ იყოს ნეიტრალური. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ფინეთ-რუსეთის ურთიერთობა სრულიად სხვაგვარია. ეს ურთიერთობა ძალიან წააგავს იმ ურთიერთობას, რომელსაც ცდილობენ რომ ჩვენ მოგვახვიონ.

ყველა ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს. ეს სწორია, მაგრამ როდის ჩაერთო მასში რუსეთი? ყველა გეტყვით, რომ რუსეთი ამ ომში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა სსრკ-ს ტერიტორიაზე ჯარები შემოიყვანა. რეალურად, მეორე მსოფლიო ომში რუსეთი ჩაერთო 1939 წლის ნოემბერში, როცა მან ომი დაიწყო ფინეთთან. ომი კი იმიტომ დაიწყო, რომ სსრკ-ს ფინეთთან საზღვარი ლენინგრადთან ძალიან ახლოს ჰქონდა. იმ პერიოდში სტალინს მოახსენეს, რომ ყველა მცდელობა რომ ფინეთმა საზღვარი ჩრდილოეთისკენ გადაწიოს მარცხით მთავრდება. სტალინის პასუხი ასეთი იყო - ლენინგრადს ჩვენ ვერ გადმოვწევთ, ფინეთს კი მოუწევს საზღვარი თვითონ გადაიწიოს. მეორე დღეს სსრკ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.

სხვათა შორის, რუსეთს ფინეთთან დღემდე არ აქვს საზღვარი დადგენილი. დღეს საზღვრად ისაა მიჩნეული, რაც სსრკ-ს დროს იყო - მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-მ ფინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელში ჩაიგდო და მოახდინა მისი ანექსია. ფინეთსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობა ძირითადად ეკონომიკური ხასიათის იყო. როდესაც სსრკ დაიშალა, მათ შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო, რომელიც ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამავე პერიოდში ფინეთმა სწრაფი ტემპებით დაიწყო ნატოსთან დაახლოება. საკმარისია ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 1994 წელს შეუერთდა ნატო-ს პროგრამას ”თანამშრომლობა მშვიდობისათვის” და გახდა ევრო-ატლანტიკური საბჭოს წევრი 1997 წელს. იგი ასევე პირველი იყო და მერე შვედეთიც შეუერთდა, ვინც მონაწილეობს ნატოს სხვადასხვა სწავლებებში. მის ტერიტორიას იყენებენ ნატოს თვითმფრინავები. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე ფინეთმა და შვედეთმა ნატოსთან ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ ფინეთი და შვედეთი გაუწევენ სამოქალაქო და სამხედრო დახმარებას ნატოს იმ ნაწილებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მოხვდებიან ან ტრანზიტით გადიან ამ ქვეყნების ტერიტორიას, როგორც მშვიდობიან, ასევე ომის პერიოდში.

ფინეთიცა და შვედეთიც ნატოს ბლოკთან თითქმის ისეთივე კავშირებითაა დაკავშირებული, როგორც ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყანა. ის, რაც დღეს ფინეთსა და შვედეთში ხდება, აშკარად გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნებს არჩევანი ნატოს სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული

მიუხედავად იმისა, რომ არც ფინეთი და არც შვედეთი ნატოს წევრები არ არიან, მათ შორის უკვე არსებული ურთიერთობები ნიშნავს იმას, რომ ისინი ნატოსთან აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ დაჟინებით იმას, რომ ნატომ ჩვენ დღესვე მიგვიღოს. ნატოსთან პარტნიორული თანამშრომლობით ჩვენ მისგან შესაძლოა მეტი სარგებელი მივიღოთ და მოვიგოთ კიდეც, ვიდრე ახლა მასთან მყისიერი გაწევრიანების შემთხვევაში. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს ე.წ. უბლოკო სტატუსს.

ფინეთიცა და შვედეთიც ნატოს ბლოკთან თითქმის ისეთივე კავშირებითაა დაკავშირებული, როგორც ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყანა. ის, რაც დღეს ფინეთსა და შვედეთში ხდება, აშკარად გვიჩვენებს რომ ამ ქვეყნებს არჩევანი ნატოს სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული.

- ქალბატონი ნ.ბურჯანაძე აცხადებს - ”ევროკავშირი და ნატო სხვადასხვა რამაა”, საქართველომ ნატოზე უარი უნდა თქვას, ხოლო რაც შეეხება ევროკავშირს, მასზე უარი არც მას და ”დემოკრატიული მოძრაობის” არც ერთ ლიდერს, არასოდეს გვითქვამსო. არადა, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები სწორედ მას შემდეგ გართულდა და გაუარესდა, რაც უკრაინამ 2013 წელს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში მოსახვედრად მოისურვა ნაბიჯების გადადგმა. სწორედ მაშინ მოახდინა მოსკოვმა ყირიმის ანექსია და დონბასში თავისი სამხედრო შენაერთები შეიყვანა და მათ გაყვანას არც აპირებს.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალბატონ ნინოს და მის თანაგუნდელებს ეს არ ახსოვდეთ და ისიც გამოპარვოდათ, რომ კრემლს ე.წ ”რუსული სამყარო” და ”ევრაზიული კავშირი” უკრაინის გარეშე არ წარმოუდგენია. მოსკოვს რომ საქართველოს მიმართაც ამგვარი მიდგომა აქვს, ბევრჯერ მოგვისმენია. რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლისთვის უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობა კატეგორიულად მიუღებელია. როცა რეალობა ასეთია, რატომ უნდა იყოს ევროკავშირში საქართველოს წევრობა მისაღები კრემლისთვის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარის გარდა, ძნელად დასაჯერებელია, თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- სწორს ბრძანებთ. როცა ჩვენ ვაპირებდით ევროკავშირში ინტეგრაციას, კრემლი ამბობდა იმას, რომ იგი ამას არ დაუშვებდა. მიზეზად სახელდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის საზღვრის გახსნა, რაც დააზარალებდა რუსეთის ეკონომიკას. უკრაინას სურდა ევროკავშირთან ინტეგრაცია, ხოლო ნატოში გაწევრიანებას, ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე, კიევში არც გეგმავდნენ და ამის მომხრე მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი თუ იყო. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ რუსეთი მიზეზს ეძებდა, რომ არ დაეშვა არც უკრაინის და არც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია.

რუსეთისათვის ევროკავშირი ისეთივე კავშირია, როგორც ატლანტიკური ალიანსი - ნატო. სრული პასუხიმგებლობით ვამბობ - ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური კავშირი. იმისათვის, რომ გასაგები იყოს რაზე ვსაუბრობ, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.

როდესაც ევროკავშირის წევრ ფინეთის ნეიტრალიტეტზე საუბრობენ, მე მოგიყვანთ ერთ განცხადებას. ჯერ კიდევ 2006 წლის 5 ივლისს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა მატი ვანჰანენმა განაცხადა - ”ფინეთი ევროკავშირის წევრია და თქვენ მას პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ განიხილავთ, მაგრამ, ეს ასე იყო მაშინ, როცა ”რკინის ფარდა” არსებობდა. ჩვენ ახლა ვართ ევროკავშირის, როგორც ღირებულებათა გაერთიანების, წევრი, რომელსაც აქვს საერთო პოლიტიკა, უფრო მეტიც - საერთო საგარეო პოლიტიკა.”

ევროკავშირი გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც პროტესტი განაცხადა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრაზე ფინეთმა მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ანექსიის გამო გააკრიტიკა. შეუერთდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ისეთივე კურსს ატარებენ, როგორც ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები

მეტიც, ფინეთმა არ შეუშვა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ნარიშკინი თავის ტერიტორიაზე, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. ევროკავშირს ნარიშკინი ევროპაში არასასურველ პირთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ამაზე გაბრაზებულმა რუსეთმა ჰელსინკში რუსეთის დელეგაციის გაგზავნაზე საერთოდ თქვა უარი. აქვე დავძენ, ჰელსინკმა ფინეთში სწორედ ის ნარიშკინი არ შეუშვა, რომელთანაც შეხვედრა ამას წინათ მოსკოვში ჰქონდა ქალბატონ ბურჯანაძეს.

საუბარი ფინეთისა და შვედეთის ”მიუმხრობლობაზე” ზედმეტია. ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ისეთივე კურსს ატარებენ, როგორც ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები.

- ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის მტკიცებით, მოსკოვს საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოებაში ხელი არ შეუშლია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბრიუსელთან დაახლოება უკრაინა-რუსეთს შორის ომის პიკს დაემთხვა, კრემლი ჩვენთვის კი მოიცლიდა, მაგრამ ორ ფრონტზე ვითარების გამწვავებას და შეიარაღებული ძალების აშკარა გამოყენების გარდა, იდეოლოგიური, საინფორმაციო, ჰიბრიდული თუ სხვა სახის ომის წარმოებასაც მოერიდა. თქვენთვის რამდენად ლოგიკურად და დამაჯერებლად გამოიყურება პოლიტიკური ლოზუნგი - ევროკავშირს კი, ნატოს არა?

- ლოზუნგზე - ევროკავშირს კი, ნატოს - არა, ჩემი პასუხი ასეთია - ეს არის დემაგოგია. ჩვენ საკმაოდ ღრმა ურთიერთოებები გვაქვს ევროკავშირთან, ჩვენ არ ვართ წევრები, მაგრამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, მალე ვიზალიბერალიზაციასაც მივიღებთ და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცალი ფეხი, რასაკვირველია, ევროკავშირში უკვე გვაქვს შედგმული.

ე.წ. ”უბლოკო სტატუსზე” საუბრის ძირითადი პათოსი ასეთია - ნატოში არ გვიღებენ, არც მიგვიღებენ, სულ ტყუილად ვაკაკუნებთ ნატოს კარებზე. თუ ჩვენ ნატომ წევრად მიგვიღო, მიგვიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ამიტომ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. მოკლედ, ტერიტორიების დაბრუნების საქმეში რუსეთის გარეშე არაფერი გამოდის. მათი ლოგიკა ასეთია - ჩვენ უნდა დავაწყნაროთ რუსეთი, რომ საქართველო ნატოს ბლოკში არ გაერთიანდება. ევროკავშირთან დაახლოებას კი რუსეთი მოითმენს, იმიტომ რომ იგი წმინდა ეკონომიკური კავშირია.

დიახ, ევროკავშირი ეკონომიკური კავშირია, მაგრამ მას უკვე აქვს ძლიერი სამხედრო ძალები, რომლის ქვედანაყოფები სამშვიდობო ოპერაციებში 31 ქვეყანაში იღებენ მონაწილეობას. აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირის სამხედრო ძალები წვრთნებს ნატოსთან ერთად გადიან და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

- ქალბატონ ნ. ბურჯანაძის განცხადებით, -” დღეს მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარებს გააყვანინებს”. მაგრამ, თავის საჯარო გამოსვლებში იგი ასევე დასძენს, რომ სწორედ იგი გააყვანინებს რუსებს ჯარებს საქართველოდან.

სულ ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყირიმის ანექსიის გამო დასავლურ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა - ”დასავლელი პარტნიორები ვერ ხვდებიან რომ ყირიმის მიერთება რაღაც კონიუნკტურა კი არა, ჩვენი არსებობის არსია”.

იმ ვითარებაში, როცა რუსეთი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის სამხედრო ქალაქებს და გარნიზონებს აშენებს, აფხაზეთში მასობრივად ასახლებს რუსეთის მოქალაქეებს, დაპირება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარის გაყვანის თაობაზე ილუზიას უფრო ჰგავს. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია მტკიცება, რომ თუ საქართველომ უარი თქვა ნატოში ინტეგრაციაზე, რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის სამხედრო ბაზებს გაიყვანს?

- ეს გახლავთ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადება. ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ბაზები ერთხელ გაიყვანა და ახლაც შესაძლებელია. იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ რუსეთმა საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები 1999 წელს სტამბულის ეუთო-ს სამიტზე მიღებული შეთანხმების საფუძველზე გაიყვანა. მაშინ რუსეთზე ზეწოლა ძალიან დიდი იყო და როგორც თავად რუსები ამბობენ - რუსეთი იყო ძალიან სუსტი და მაშინ ამგვარი შეთანხმების მიღება შესაძლებელი გახდა.

მე გახლდით სტამბულის სამიტზე და ვიცი, რომ ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს. რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ რუსეთმა ბაზები გაიყვანა ვაზიანიდან, ახალქალაქიდან და ბათუმიდან, ხოლო გუდაუთის ბაზა იმხანად აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისთვის გადააკეთა. სტამბულის შეთანხმების განხორციელება იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთს მუდმივად ახსენებდნენ მისი შესრულების აუცილებლობას.

რუსეთთან ერთი ერთზე მოლაპარაკებებით ჯარების გაყვანა წარმოუდგენელია. მით უმეტეს დღეს. სხვათა შორის, რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა, რომ ბატონი ლავროვი და რუსული მხარე სადავოდ ხდის სარკოზი-მედვედის ხელშეკრულებას. მათი მტკიცებით, შეთანხმებაში არსად არ წერია, რომ რუსული ჯარი უნდა გასულიყო საქართველოს ტერიტორიიდან და იმ პოზიციაზე დაბრუნებულიყო, რომელიც მათ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ეკავათ. ახლა ჩვენ რუსეთის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ მცოცავ ანექსიას, არსებული შეთანხმებების გადასინჯვას.

არ დავმალავ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ „უბლოკო სტატუსის“ იდეა სწორედ მოსკოვში შემუშავდა

ე.წ. ”უბლოკო სტატუსის” მხარდამჭერების თქმით, რუსეთი ჩვენგან ითხოვს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი და ჩვენ გვექნება რუსეთთან კონსტრუქციული საუბრის საშუალება და რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანს თავის ჯარებს, ეს ხომ მითია. არ დავმალავ, დიდი ეჭვი მაქვს რომ „უბლოკო სტატუსის“ იდეა სწორედ მოსკოვში შემუშავდა.

მე რუსებთან ჩვენთვის აქტუალურ თემებზე 20 წლის განმავლობაში მქონდა შეხვედრები და შემიძლია ვთქვა - 20 წლის განმავლობაში რაც კი საქართველოსთან შეთანხმებებზე აქვთ რუსებს ხელი მოწერილი, არც ერთი არ შეუსრულებიათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის შეთანხმება, რომელიც დაიდო ლავროვისა და ჩემს მიერ შემუშავებული ტექსტის საფუძველზე, აცხადებდა - „უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“. თუ რამდენად შესრულდა ეს მუხლი რუსეთის მიერ, ნათლად წარმოაჩინა შემდგომმა მოვლენებმა. მოსკოვი ჩვენთან მიმართებაში ისევე მოიქცა, როგორც უკრაინას მოექცა, როცა კიევს 1994 წელს ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცა, მაგრამ ეს არაფრად ჩააგდო და ყირიმის ანექსია მოახდინა.

ახლა ყველაფერი ბევრადაა იმაზე დამოკიდებული თუ რამდენად შევინარჩუნებთ და გავაღრმავებთ კავშირებს ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ ამ გაერთიანებების გარეშე?

20 წლის განმავლობაში რაც კი საქართველოსთან შეთანხმებებზე აქვთ რუსებს ხელი მოწერილი, არც ერთი არ შეუსრულებიათ

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები შვედეთი, ფინეთი და სხვები, იმის კარგი მაგალითია, რომ მათ მართლაც უნდოდათ ნეიტრალურნი ყოფილიყვნენ (ნეიტრალიზმის, „ბლოკებს მიუმხრობელი“ პოლიტიკის გამტარებლები), მაგრამ ახლა ყველანაირად ცდილობენ ევროკავშირში პოზიციების გაძლიერებას და ნატო-სთან მაქსიმალური დაახლოების პოლიტიკას მისდევენ. მათ დაივიწყეს „ცივი ომის“ დროს დეკლარირებული სტატუსი და რადიკალურად შეცვალეს პოლიტიკა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით და პრაქტიკულად ეს ქვეყნები დღეს ბალტიის ზღვაში ნატოს დასაყრდენს წარმოადგენენ.

- აქტიური განხილვის თემაა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის დენიელ ფრიდის განცხადებები. მისი მტკიცებით, ”აშშ საქართველოს რუსეთს არ შეწირავს”, ”საქართველოს მიზნებზე არ უნდა იმოქმედოს იმან, რომ დღეს დასავლეთს რთული პერიოდი აქვს.” ქართველ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს - რეალური გარანტია, რომ აშშ-სა და დასავლეთის დამოკიდებულებები საქართველოს მიმართ არ შეიცვლება და ჩვენ არ აღმოვჩდებით გლობალური ვაჭრობის დახლზე, ამის რისკები 0-ის ტოლი ნამდვილად არ არის. თქვენც გაქვთ იმის განცდა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები იმგვარად შეიძლება დალაგდეს, რომ ”გლობალური ვაჭრობის დახლს” შესაძლოა საქართველოს ინტერესები შეეწიროს?

- ჩემი ღრმა რწმენით, დღეს ამგვარი რამ არარეალურად მიმაჩნია. ნებსით თუ უნებლიეთ, 2008 წლის კრიზისის დასაწყისში ამერიკამ საქართველო პრაქტიკულად რუსეთთან პირისპირ დატოვა.

საქართველო არის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც შეიძლება იყოს დასავლეთის დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ანუ, საკვანძო პუნქტი, საიდანაც იგი შეიძლება უსაფრთხოდ დაუკავშირდეს აღმოსავლეთს და შავ ზღვაში ჰყავდეს საიმედო დასაყრდენი

დღევანდელ ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკის“ პირობებში, როცა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ხან იძაბება, ხანაც თითქოს უმჯობესდება, რუსეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ახალი ტიპის ურთიერთობები ყალიბდება, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ძალიან აქტიურობს, აშშ-ს ”დემოკრატებს” და ”რესპუბლიკელებს” რუსეთის სტრატეგია გაცნობიერებული აქვთ.

საქართველო არის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც შეიძლება იყოს დასავლეთის დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ანუ, საკვანძო პუნქტი, საიდანაც იგი შეიძლება უსაფრთხოდ დაუკავშირდეს აღმოსავლეთს და შავ ზღვაში ჰყავდეს საიმედო დასაყრდენი. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო აძლიერებს თავის ყოფნას შავ ზღვაში, რაშიც ნატოს თურქეთიც ეხმარება, ჩვენ შეიძლება ამით ვისარგებლოთ.

მიმაჩნია, რომ რუსეთ-თურქეთის გაუმჯობესებული ურთიერთობები დროებითია. ის, რომ თურქეთი იძულებული გახდა რუსეთთან მისასვლელი გზები ეძებნა, ამაში დამნაშავე დასავლეთია. როცა თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო, ნატომ ანკარას არ აღმოუჩინა სათანადო მხარდაჭერა.

საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, პუტინი არავის არაფერს პატიობს. მისი დამოკიდებულება სულ არ არის დამოკიდებული იმაზე, მას უყვარს თუ არა სააკაშვილი ან ივანიშვილი. ვფიქრობ, იგი ახლა ივანიშვილის მიმართაც არ უნდა იყოს კარგად განწყობილი. ასეა იმიტომ, რომ საქართველო ევროპისა და ნატოს სტრუქტურებთან ინტეგრაციის პოლიტიკას ატარებს. ზოგს მიაჩნია რომ ეს პოლიტიკა უფრო აქტიურად უნდა ხორციელდებოდეს. მე მიმაჩნია. რომ ეს პოლიტიკა მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც ხორციელდება. ეს კი შეუძლებელია რუსეთს და პუტინს მოსწონდეს.

რუსეთის მიმართ აშშ-სა და დასავლეთის დღევანდელი პოზიციების გათვალისწინებით ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ საქართველო რუსეთთან აშშ-სა და დასავლეთის ვაჭრობის მსხვერპლი აღმოჩნდეს

რუსეთის მიმართ აშშ-სა და დასავლეთის დღევანდელი პოზიციების გათვალისწინებით ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ საქართველო შეიძლება რუსეთთან აშშ-სა და დასავლეთის ვაჭრობის მსხვერპლი აღმოჩნდეს. დასავლეთისთვის საქართველოს დაკარგვა გაცილებით უფრო დიდი მარცხი იქნება, ვიდრე უკრაინის.

- თავის გახმაურებულ განცხადებებში ბატონმა ფრიდმა აღიარა, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის არასაკმარისი რეაქცია შეცდომა იყო. მისი მტკიცებით ”ომი გარდაუვალი არ იყო”, თუმცა იქვე დაამატა, რომ ”ომი მაინც იქნებოდა, ვინაიდან ომი რუსეთის ინტერესებში იყო.” თქვენ როგორ შეაფასებდით დანიელ ფრიდისეულ საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავსა და ორაზროვან ვაშინგტონურ გზავნილებს? თქვენი აზრით, ბატონმა ფრიდმა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები გაახმოვანა, თუ ის, რაც მან თქვა, ვაშინგტონის პოზიციად უნდა მივიჩნიოთ?

- კარგი კითხვაა, ვინაიდან ფრიდის განცხადებას ჩვენი პოლიტიკოსები ძალიან ხშირად და როგორც წესი, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებენ ხოლმე. დანიელ ფრიდი კი ამბობს - ”ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა რომ ის მომხდარიყო. (დააკვირდით შემდეგ სიტყვებს) ის პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა.”

დანიელ ფრიდის განცხადებას განვიხილავ როგორც მცდელობას - გაათეთროს აშშ-ს სისუსტე საქართველოს მიმართ. საქართველოს სრული უფლება ჰქონდა ეპასუხა რუსულ აგრესიაზე. კონდოლიზა რაისს სააკაშვილისთვის კი არ უნდა ეთქვა - არ უპასუხოო, არამედ უნდა შეეჩერებინა რუსული აგრესია, როგორც მათ მოგვიანებით გააკეთეს შავ ზღვაში სამხედრო გემის შეყვანით და სარკოზის მისიის ორგანიზებით. მაშ რა უნდა გვექნა, ჩვენ უნდა გვეყურებინა თუ როგორ ივსება სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ჯარებით, ტანკებით, არტილერიით, როგორ ბომბავდნენ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ქართულ სოფლებს, გვეყურებინა თუ როგორ არ ერიდებოდნენ კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო მისიის ქართული კონტიგენტის დაშავებას?

2008 წლის 7 აგვისტოს სახელმწიფოებრიობის ბედი შესაძლოა წუთებსაც გადაეწყვიტა. ამას არ მალავს არც რუსეთის პრესა და არც რუსი სამხედრო ექსპერტები. საქართველოს ძალების მიერ გაუთავებელ უკან დახევას უკვე ძალიან სავალალო შედეგი ექნებოდა და რუსული მავთულხლართები დღეს რუსთაველის პროსპექტზე გაივლიდა, რადგან რუსეთი არ მალავდა, რომ თბილისის აღება მისი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო.

ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ - ჯავიდან ცხინვალის მიმართულებით რუსული ტექნიკის გადაადგილებაზე ჩვენი პასუხი საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით სრულიად გამართლებული იყო და ამას პრევენციული თავდაცვა ჰქვია. ჩვენ იძულებული ვიყავით გადაგვეტანა სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონის სიღრმეში ცხინვალს მიღმა, როკის და ჯავის მიმართულებით. ამ სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს ცხინვალის ტერიტორია არ დაუბომბავს, ეს მოხდა მოგვიანებით რუსეთის თვითმფრინავების მიერ.

კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვების მოხმობით საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, უნდა დასრულდეს. ამგვარი რამ განსაკუთრებით არ ეპატიება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს. დანიელ ფრიდის განცხადებები კი სხვა არაფერია, თუ არა 2008 წელს საქართველოს მიმართ აშშ-ს მიერ გამოვლენილი სისუსტის გათეთრების მცდელობა

კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვების მოხმობით საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, უნდა დასრულდეს. ამგვარი რამ განსაკუთრებით არ ეპატიება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს. ვიმეორებ, დანიელ ფრიდის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა 2008 წელს საქართევლოს მიმართ აშშ-ს მიერ გამოვლენილი სისუსტის გათეთრების მცდელობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების თავგანწირვამ, რამაც მთელი მსოფლიო გააოცა თავისი სიმამაცით, იხსნა საქართველო სრული ოკუპაციისაგან და მისცა დასავლეთს დრო „ჭკუაზე მოსულიყო“ - ანუ გაეცნობიერებინა ის საშიშროება, რაც რუსეთისაგან მოდიოდა, რაც მთელს ევროპას უქმნიდა საფრთხეს და მოეხდინა სათანადო რეაგირება.

უკრაინის ამბებმა დასავლეთში ყველა დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველოში მომხდარ ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებამ „დაარწმუნა“ რუსეთი, რომ დასავლეთი ვერ აღუდგებოდა წინ მის სამხედრო ამბიციებს. შედეგად ვხედავთ დასავლეთის უპრეცედენტო „დარაზმვას“.

ამდენად, ფრიდის განცხადება მიზნად ისახავს არამარტო მცდელობას გაათეთროს 2008 წელს აშშ-ს სისუსტე საქართველოს მიმართ, არამედ ამავდროულად დაარწმუნოს მსოფლიო რომ. დასავლეთი ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია