განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ასე გამოეხმაურა მინისტრი სამტრედიაში გარდაცვლილ დემურ სტურუას დედის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა დამნაშავე, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
„ნებისმიერი ფორმა ძალადობის, აბსოლუტურად მიუღებელია, ყველა დამნაშავე, მიუხედავად იმისა, პოლიციელი იქნება, სხვა სპეციალობის, თუ პროფესიის, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
3 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას სცემეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.
დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობდა. სამართალდამცველი, რომელიც გარდაცვლილის წერილშია მოხსენიებული, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება. მას სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.