17 სექტემბერიდან ევროპული მემკვიდრეობის დაცვის დღეებთან დაკავშირებით ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთების გამოფენა გაიმართება. ქალაქის მუზეუმში სამზადისი დაწყებულია. მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის ინფორმაციით, შენობის მეორე სართულს, სადაც საგამოფენო დარბაზებია განთავსებული, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქის ნავსადგურის ერთობლივი დაფინანსებით ჩაუტარდა. როგორც გაბლიანი აცხადებს, პირველ ორ დარბაზში უძველესი სანავსადგურო ქალაქების ფოტო-მასალაც იქნება წარმოდგენილი. ნიკოლაძის პირად ნივთებს კი ჯიხაიშის სახლ-მუზეუმიდან რამდენიმე დღით ჩამოიტანენ. იქ წარმოდგენილ ექსპონანტთა შორის იქნება ნიკოლაძის მიერ ევროპიდან საქართველოში შემოტანილი პირველი ყავის საფქვავი მოწყობილობა, ფოტოაპარატი და სხვა ტექნოლოგიები.
,,ევროპული მემკვიდრეობის დაცვის დღეები 1999 წელს დაფუძნდა, საქართველოში მისი აღნიშვნა 2014 წელს დაიწყო. წელს ჩვენი მუზეუმი ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოდ ხვდება.ღონისძიების ფარგლებში სამი საგამოფენო სივრცის გახსნაა დაგეგმილი.ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომელიც ჩვენ გვინდა წინა პლანზე წამოვწიოთ, ეს არის ნიკო ნიკოლაძე და ევროპული ტექნოლოგიები. მიმდინარე წელს 120 წელი სრულდება, რაც ნიკო ნიკოლაძემ გამოუშვა ობლიგაცია ფოთის პორტის რეკონსტრუქციის განსახორციელებლად. ამ თარიღსაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. მეორე აქტივობა ეძღვნება - ნიკო ნიკოლაძე ბონისტიკის სათავეებთან 120 წელი. გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შემსწავლელი მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ღონისძიება ეძღვნება ნიკო ნიკოლაძეს, როგორც ერთ-ერთ პირველ ევროპულად მოაზროვნე ქართველს , რომელმაც ევროპული განათლება სინთეზში მოიყვანა ქართულ მენტალობასთან. 18 წლის განმავლობაში ამ ქალაქში ცხოვრების და მოღვაწეობის წლებში მან შექმნა არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროპულ ღირებულებებზე ქართული მენტალობის მორგება და მასშტაბური პროექტების განხორციელება“, -განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ელენე გაბლიანმა.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გამოფენის დათვალიერება მსურველებს 27 სექტემბრამდე შეეძლებათ.