დღეს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იწყება

ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - BATUMI MusicFest 17-22 სექტემბერს უმასპინძლებს. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ქართველი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს საგანგებოდ სტუმრობენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, რომლებიც ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ. ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე, იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად ჩამოსული იუნესკოს მშვიდობის ელჩები - ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი და სუდანელი არტისტი ალი მაჰდი. სემინარის თემა იქნება მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება, რომელიც მასტერკლასებში მონაწილე ნიჭიერ ბავშვებს სპეციალურ დიპლომებს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველად საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში - BATUMI MusicFest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ქართველი ახალგაზრდა პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის მასტერკლასები ყოველ წელს იმართება, სადაც წარმატებული კანდიდატები საზღვარგარეთ გალა კონცერტებში მონაწილეობისათვის შეირჩევიან. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და ძირითადად, პოპულარული კლასიკური შედევრებისგან შედგება.

სამინისტროს ინფორმაციით, 17 სექტემბერს, ფესტივალის გახსნაზე ქართველი პიანისტი, იუნესკოს არტისტი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ელისო ბოლქვაძე, მსმენელის წინაშე მოცარტის საფორტეპიანო კონცერტით წარდგება. სლოვენიელი კლარნეტისტი, დარკო ბრლეკი კი მოცარტის კონცერტს ააჟღერებს.

18 სექტემბერი მთლიანად დაეთმობა ქართულ ფოლკლორულ მუსიკას ლეგენდარული „ქართული ხმების’’ მონაწილეობით.

19 სექტემბერს ცნობილი დირიჟორის, ფილიპ მანის დირიჟორობით ბეთხოვენის „მე-7 სიმფონია“ და ბიზეს „კარმენ სუიტა“ შესრულდება.

20 სექტემბერს ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს - რაველის (Maurice Ravel) კონცერტს საფრანგეთიდან, მსოფლიო ვარსკვლავი - სიპრიან კაცარისი (Cyprien Katsaris) შეასრულებს. ბათუმის სიმფონიურ ორკესტრს მამუკა ალაფიშვილი უდირიჟორებს.

21 სექტემბერს, ქართველ დირიჟორთან დავით კინწურაშვილთან ერთად ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ბელორუსიიდან ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა შეასრულებს. ამავე კონცერტზე შესრულდება მოცარტის შედევრი - მე-40 სიმფონია.

22 სექტემბერს, დასკვნითი კონცერტი ბრწყინვალე ქართველ კომპოზიტორს, ალექსი მაჭავარიანს (Aleksandre Machavariani) მიეძღვნება. სადირიჟორო პულტთან ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ მაჭავარიანი წარდგება.

ფესტივალის მსვლელობას უცხოური პრესაც გააშუქებს. 6 სექტემბერს ფრანგული თანამედროვე რადიო სადგური, Radio Classique რომელსაც მილიონობით მსენელი ჰყავს, ბათუმის ფესტივალის გაშუქებას და ზოგადად, საქართველოს კულტურას მთელ დღეს მიუძღვნის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა