გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბაღის ახლად აშენებული შენობა გამგებელმა, დავით ონიაშვილმა აღსაზრდელებთან ერთად გახსნა. გახსნას პოლონელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, პროექტის ღირებულებამ 53 780 ლარი შეადგინა. შენობაში გათბობის ინოვაციური სისტემა დამონტაჟდა, ე.წ. „თბილი იატაკის“ დასამონტაჟებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 105 ლარი გამოიყო. ბნავისის საბავშვო ბაღი მეორე ობიექტია(ვარიანის მეურნეობის საბავშვო ბაღის შემდეგ), სადაც გათბობის ახალი სისტემა დამონტაჟდა. „თბილი იატაკი“ ეკონომიურია, სითბო ინფრაწითელი სხივების საშუალებით, რომელიც ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს, იატაკის ქვეშ და კედლებზე დამონტაჟებული ფირებიდან გამოყოფა.
ბაღს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანებამ უახლესი, თანამედროვე ტიპის ინვენტარი გადასცა.
„ძველი ბაღის შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც მოხდა მისი დემონტაჟი. აშენდა სრულიად ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, გათბობის ინოვაციური სისტემით. აქ უკვე ყველა პირობაა იმისათვის, რომ პატარებმა მიიღონ შესაბამისი სწავლა-განათლება, ვულოცავ ბნავისისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას და იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვების რაოდენობა გაიზრდება.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.
ბნავისის ბაღის გამგის, თეონა ბზიშვილის განცხადებით, გასულ წელს 5 ბავსვი დადიოდა ბაღში, რადგან მშობლები ვერ ბედავდნენ პატარები ნახევრად დანგრეულ შენობაში მიეყვანათ.
„გასულ წელს სულ 5 ბავშვი დადიოდა, მშობლები ვერ ბედავდნენ პატარები ნახევრად დანგრეულ შენობაში მოეყვანათ. ახლა უკვე ეს რიცხვი 9- მდე გაიზარდა და როგორც ვიცი, კიდევ ბევრი მშობელი გეგმავს ბავშვის მოყვანას. ბაღს უკვე ტრანსპორტიც ემსახურება, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ სხვა სოფლებსაც.“ - განაცხადა თეონა ბზიშვილმა.
