ტყიბულში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე გაიხსნა. ახლად რეაბილიტირებული სპორტის სასახლის დარბაზი 750 ადამიანზეა გათვლილი და მზად არის სხვადასხვა სახეობებში უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების ჩასატარებლად.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია 2013 წელს ახალი სახურავის მოწყობით დაიწყო და 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ამჟამად რეაბილიტირებულია სპორტის სასახლის სრული კომპლექსი, რისთვისაც 2 400 000 ლარი დაიხარჯა.
გახსნის ღონისძებას სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. მათთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მიწვეული სტუმრები. ასევე ღონისძიებას ესწრებოდა დამსახურებული სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე.
ტყიბულში სპორტის სასახლე ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 70-იან წლებში შევიდა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თანამედორვე სტანდარტების დარბაზად ითვლებოდა საქართველოში, სადაც იმართებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა სახეობებში.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დიდთოვლობისას ჩამოინგრა შენობის სახურავი, რამაც გამოიწვია კომპლექსის სრული დაზიანება. მას შემდეგ სპორტის სასახლე ამ დრომდე უფუნქციოდ იყო დარჩენილი.