მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლოცვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დღეს, 18:00 საათზე დაიწყებს, წირვას კი ხვალ, 10:00 საათზე.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.