ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ორგანიზებით სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. მოეწყო 2 ახალი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განკუთვნილი სასამართლო სხდომის დარბაზი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასამართლოს სართულების დერეფნების ცალკეულ მონაკვეთებს და 4 სამუშაო ოთახს; მოხდა ავარიული ზონების კერძოდ, დაბზარული კედლების დემონტაჟი და ახლის უფრო მსუბუქი (თაბაშირ-მუყაოს ფილები) კონსტრუქციით მონტაჟი; მოწესრიგდა სასამართლოს ხანძარსაწინაამღდეგო სისტემა. სასამართლო შენობა აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით, აგრეთვე სრულყოფილად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს შენობაში, რის ფარგლებშიც გაიზარდა სასამართლოს არქივის საცავის მოცულობა.
ნინო გვენეტაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა დაათვალიერა, მისი მიმდებარე ტერიტორია და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
გახსნის ცერემონიალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე; სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე, შოთა ქარჩავა; ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.