რესტორან “ლოლიტაში” პირველი ქართული ვისკის „JIMSHER” პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ქართული პროდუქტის შექმნა ჯიმშერ ჩხაიძეს ეკუთვნის.
JIMSHER” არის ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიით და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელი.
პრეზენტაციაზე სამი სახეობის ვისკი იყო წარმოდგენილი: ვისკი - ტრადიციული საფერავის ნამყოფ კასრში; ვისკი - წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი და ქართული ბრენდის კასრში ნამყოფი ვისკი.
“საავტორო ნამუშევარი, რომელიც წარვადგინე საზოგადოების წინაშე გახლავთ ახალი ქართული პროდუქტი, რომლის შექმნასაც, ჩემი ცხოვრების, უკანასკნელი 10 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მივუძღვენი.
საქართველო მსოფლიო ბაზრისთვის ცნობილია ისეთი ალკოჰოლური სასმელების წარმოებით როგორიცაა: ჭაჭა, ბრენდი და განსაკუთრებით ღვინო. ქართული ღვინო ერთმნიშვნელოვნად უნიკალური მოვლენაა თავისი ისტორიით, საგემოვნო თვისებებით და სწორედ ეს კულტურული მემკვიდრეობა არ მაძლევდა მეც მოსვენებას.
მაშინ არ მიფიქრია რომ ის ჩემი საავტორო ნამუშევარი იქნებოდა, არც იმაზე, რომ ამის გამო საკუთარი სახელის ჯიმშერის დარქმევას გადამაწყვეტინებდნენ , მაგრამ 10 წლის განმავლობაში ვცდილობდი მეპოვნა გზა, რომლითაც ისეთივე განსაკუთრებულ ამბავს მოვყვებოდით ვისკის შესახებ, როგორც ამას ღვინის შემთხვევაში ვაკეთებთ. დიდი ხნის მცდელობებისა და ძალიან დიდი შრომის შედეგად ეს გზა, ეს ამბავი ნაპოვნია და მინდა ის თქვენ გაგიზიაროთ:
საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება - ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად ვიღებთ 3 სახეობის ვისკს, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას - ქართული აქცენტებით გვიყვება და ეს აქცენტები იმდენად უნიკალურია, რომ ვფიქრობ, სრულიად ჩრდილავს მის ფუნდამენტს და წინა პლანზე გადმოდის”- განაცხადა ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ.
პროდუქტის უნიკალურობასთან ერთად, არანაკლებ უნიკალურია ვისკის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი, რომელიც ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა.
პირველი ქართული ვისკი, ბაზარზე ფართო აუდიტორიისთვის, ახალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და როგორც ბიზნესმენი ჯიმშერ ჩხაიძე ამბობს: “ მსოფლიო ბაზარზე, ვისკის მოყვარულთათვის ეს იქნება მოულოდნელი სიურპრიზი, რომლითაც ისინი კიდევ ერთხელ შეძლებენ ქართული კულტურის გაზიარებას”.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(R)