პარლამენტის წევრისა და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობამ 2012 წლის შემდეგ არსებული უპრეცედენტო პოლიტიკური სიმშვიდე დაარღვია, - ამის შესახებ ევროპული პილიტიკის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი ამანდა პოლი და საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი დენის სამუტი საკუთარ სტატიაში საუბრობენ.
ანალიტიკოსების თქმით, 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცენებას“, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ოპოზიციაში გადაინაცვლა. ანალიტიკოსების განმარტებით, მსგავსი ფაქტები პოსტ საბჭოთა სივრცეში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
პოლისა და სამუტის თქმით, მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გამოცდა და საზოგადოების დამოკიდებულების გამოძახილი იქნება.
„2003 წლის წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველომ მყარი ევრო-ატლანტიკური კურსი აირჩია. მაშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება შეთანხმდა, რომ ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. ხელისუფლების გადაწყვეტილება საზოგადოების მისწრაფებამაც გაამყარა, რამაც რეფორმების გატარება და მიზნისკენ სწრაფვა გაცილებით მარტივი გახადა,“ - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორების შეფასებით, საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობა საგრძნობლად გაამყარა, ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა ორივე მათგანისთვის საქართველო პრიორიტეტულ საკითხად დარჩენილიყო.
ანალიტიკოსების განმარტებით, ამ მცდელობის მიუხედავად რუსეთი საქართველოში საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს და საამისოდ ჰიბრიდულ ომსა და „რბილის ძალის გამოყენებას არ ერიდება“.