ბათუმში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა სრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ვინდამ ბათუმის“ სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.
სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტით რეგიონში 60 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ობიექტს ოპერირებას გაუწევს სასტუმროთა მსოფლიო ქსელი „ვინდამი“, რომელიც მსოფლიოს 72 ქვეყანაში 7800 სასტუმროს ფლობს. აჭარაში ბრენდი პირველად შემოდის. შპს „აქთივ ბათუმსა“ და „ვინდამ“-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე „აქთივ ბათუმის“ მიერ სასტუმროს ოპერირება „ვინდამის“ სახელით განხორციელდება.
,,ბათუმში სრულდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელშიც სხვადასხვა სივრცეები იქნება განთავსებული. მათ შორის კაზინო, სპა-ცენტრები, საკონფერენციო სივრცეები. სასტუმრო 150 ნომერზეა გათვლილი. ამ პროექტით რეგიონში დაახლოებით 60 მლ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 500-მდე ჩვენი მოქალაქე იქნება დასაქმებული. ეს სასტუმრო ქალაქს დამატებით ხიბლს შემატებს. მსგავსი სატუმროების გახსნა კი ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას“, -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალი სასტუმროს მშენებლობა ყოფილი ფოსტის შენობის ეზოს ტერიტორიაზე 2012 წელს დაიწყო. ობიექტზე 300 ადამიანი მუშაობდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 146 ნომერია. მათ შორის სტანდარტული, დელუქსის, სუიტი და საპრეზიდენტო ნომრები. ასევე განთავსებულია სპა, რესტორანი, ღამის კლუბი, საკონფერენციო დარბაზები და ოფისები. სასტუმროს ტერასაც გააჩნია. სასტუმროსთან იფუნქციონირებს კაზინო, რომლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია და სატესტო სამუშაოები მიმდინარეობს. კაზინოს ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ იგეგმება ეტაპობრივად 400-500 ადამიანის დასაქმება. კაზინო მოიცავს დახლოებით 1400 მ2, კაზინოში განლაგებულია 200 ზე მეტი სათამაშო აპარატი და 12-მდე სათამაშო მაგიდა. თანამშრომლების მიღება-გადამზადება დაწყებულია.