კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ ფინანსთა სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორები ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული დავალიანება წლებია პრობლემას წარმოადგენს, თუმცა სახელმწიფო მის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
მათი განმარტებით, 1998 წლიდან სახელმწიფოს 8 000-მდე მოქალაქის მიმართ, შიდა სახელმწიფო ვალად აღიარებული აქვს „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული დავალიანება“.
”პრობლემის მოგვარება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონისმიერ ვალდებულებას. 2004 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #108 დადგენილება, რომლითაც შექმნა სათათბირო ორგანო „შიდა სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია“. 2004 წლიდან დღემდე ამ კომისიას არ შეუმუშავებია და არ წარუდგენია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისათვის კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული შიდა სახელმწიფო ვალის დაფარვასთან დაკავშირებით არანაირი რეკომენდაცია. კომისიამ ბოლო სხდომა გამართა ერთი წლის წინ და მის შემდეგ არც შეკრებილა. 2016 წლის 9 მარტს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება #419, რომლითაც მოახდინა ქ. თბილისის მერიაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეულ დავალიანებასთან“ დაკავშირებული საკუთარი უფლებამოსილება-ვალდებულების დელეგირება. დღემდე თბილისის მერიას არ განუხორციელებია რაიმე ქმედება ამ განკარგულების შესასრულებლად. არსებული მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიის ქმედებები კვალიფიცირდება როგორც განუკითხაობა, თავაწყვეტილი თვითნებობა, პრობლემის სრული იგნორირება. მათმა ერთობლიობამ კი გამოიწვია კუმულაციური ეფექტი: არაადეკვატურია მთლიანად ხელისუფლება თავისი ვერტიკალურ–ჰორიზონტალური განშტოებებით. შედეგად არა თუ ირღვევა, არამედ ფეხქვეშ ითელება ჩვენი უფლებები. სიტუაცია ყოველგვარი ნორმიდან არის ამოვარდნილი”, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.