საერთოდ, ნდობაში ადამიანთანაც არ მომწონს შესვლა, არ მაინტერესებს ის შენი „სეკრეტები“, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებს “ნდობის ჯგუფში” მის შესვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კვიციანმა აღნიშნა, მას არ სურს, რომ იყოს “ნდობის ჯგუფში” და არ გამორიცხავს, რომ ფრაქციამ სხვა კანდიდატურა წამოაყენოს.
„ნდობის ჯგუფში” და საერთოდ ნდობაში ადამიანთანაც არ მომწონს შესვლა, არ მაინტერესებს ის შენი “სეკრეტები”, შენი საიდუმლოებები, არც სხვა საიდუმლოებები მაინტერესებს. ეს არც ადრე მაინტერსებდა და ადრეც არ ვიყავი დაშვებული საიდუმლო მასალებთან, მიუხედავად იმისა, რომ მიმართულების სარდალი და გუბერნატორი ვიყავი. რატომ არ მიშვებდნენ მაშინ? იმიტომ რომ თვალს მოვკრავდი იმას, როგორ აპირებდნენ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებას და არ დავანებებდი“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი არ გამორიცხავს, რომ ფრაქციამ “ნდობის ჯგუფში” ირმა ინაშვილის კანდიდატურა წამოაყენოს, რასაც ის პირადად მხარს დაუჭერს. რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობას, ემზარ კვიციანი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა მისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ წამოყენებული.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჩემთვის პრინციპული არ იყო. ჩემთვის პრინციპული იყო რეგიონალური კომიტეტი, მაგრამ იქ რატომღაც ჩემმა წარდგენამ დააგვიანა. მე ვარ სამხედრო კაცი, ადამიანი, რომელიც დიდხანს ვიცავდი ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს ქვეყანას, ვიცავდი იმ რუსეთისგან, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტერიტორიები ხონჩით გადასცა“, - განაცხადა კვიციანმა.