ვახტანგ ძაბირაძე - უფრო პრაგმატულია საკონსტიტუციო კომისიას ჰყავდეს ერთი თავმჯდომარე - ბევრი თავმჯდომარე კომიკურ ელფერს იძენს

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, უფრო პრაგმატულია საკონსტიტუციო კომისიას ჰყავდეს ერთი თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერის სახით, ვიდრე სამი თანათავმჯდომარე.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტმა, ისე მთავრობამ და სასამართლოებმა, თუმცა ბევრი თავმჯდომარე კომიკურ ელფერს იძენს.

„ამ კომისიას ისედაც დაბედებული აქვს, რომ საბოლოო ვარიანტი ვერ გაკეთდეს და არ მესმის ლოგიკა, რატომ უნდა იყოს სამი თავმჯდომარე. თუ ნდობის საკითხია, მაშინ უნდა განვმარტოთ, ეს კომისია რა არის. კომისია უბრალოდ დებს სამუშაო დოკუმენტს, პროცედურის თანმიმდევრობა კი არის ასეთი: ეს დოკუმენტი ქვეყნდება, ერთი თვის განმავლობაში იმართება საჯარო განხილვა, შემდეგ დოკუმენტი მიდის პარლამენტში და საბოლოო სიტყვა ეკუთვნის პარლამენტს, სადაც „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. გულწრფელად რომ გითხრათ, კომისიამ შავი სამუშაო უნდა შეასრულოს და რაღაცნაირად ჩამოყალიბდეს ერთ ვარიანტზე ან სხვადასხვა მუხლების ალტერნატიულ ვარიანტებზე. ამიტომ არ მესმის, რატომ არის აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ამ კომისიის თავმჯდომარე?“, - განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას იმავე ფორმატით, როგორითაც ის შეიქმნა ზუსტად სამი წლის წინ. კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციები არსებობდა, მათ შორის, იყო პრეზიდენტის შემოთავაზებაც, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით ითვალისწინებდა. თუმცა მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა საპარლამენტო ფორმატში წარიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა