პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პედაგოგიური გზამკვლევი შეიქმნა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, პედაგოგიური გზამკვლევი შეიქმნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მასწავლებელთა სახლიდან აცნობეს, პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური გზამკვლევის წარდგენის ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა რუდიგერ ჰეინინგმა გახსნეს.

როგორც მასწავლებელთა სახლში განმარტავენ, პედაგოგიური გზამკვლევი ავტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა, საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე გზამკვლევი არაერთხელ განიხილეს პროფესიული განათლების მოქმედ მასწავლებლებთან, რათა მომხდარიყო მისი ერთგვარი ტესტირება და პრაქტიკულობის გაზომვა.

მათივე თქმით, გზამკვლევის შექმნის მიზანია პროფესიული მასწავლებლების ხელშეწყობა, რათა მათ სასწავლო და პრაქტიკული სწავლების პროცესი უფრო შედეგიანად, სტუდენტზე ორიენტირებულად დაგეგმონ და განახორციელონ.

„გაერო-ს განვითარების პროექტმა, შვეიცარიის განვითარების კორპორაციასთან ერთად თავიდანვე მხარი დაუჭირა აღნიშნული წიგნის შექმნას. ჩვენ გვერდით დავუდექით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ჩვენ დავიქირავეთ სხვადასხვა დონის ექსპერტები და ამ სფეროს მასწავლებელები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული გზამკვლევის შემუშავებაში. ჩვენი მიზანია პროფესიული განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა და პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარება“, - განაცხადა რუდიგერ ჰეინინგმა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის წვლილი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, მადლობა გადაუხადა სახელმძღვანელოს ავტორებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი მომავალ წლებშიც ნაყოფიერად განაგრძობს პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხელშეწყობას.

”სახელმძღვანელო მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ზრდასრულთა განათლების პრინციპები, პროფესიული განათლების თეორიები, სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, პროფესიული სწავლებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, პროფესიული განათლების მასწავლებლის თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე, კომუნიკაციისა და მოტივაციის თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო და პრაქტიკულ სწავლებაში.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე, აღნიშნული სფეროს მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებას თავად მასწავლებლის საჭიროებებისა და სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად”, - აცხადებენ მასწავლებელთა სახლში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია