სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საზოგადოებას ახალი შენობის პროექტს წარუდგენს.
პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, G კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ოთხსართულიანი, 4000 კვადრატულზე მეტი მეტრის საგანმანათლებლო ნაგებობის მშენებლობა ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.
შენობაში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, განთავსდება SDSU საქართველოს დამატებითი საკლასო ოთახები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.
მშენებლობა 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.
დღევანდელ პრესკონფერენციას დაესწრებიან - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბენჯამენ ზიფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.
პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდება SDSU საქართველოს ახალი საბაკალავრო პროგრამების დაწყების შესახებ სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერიაში.
2017 სასწავლო წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში შესთავაზებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.