ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა დანიშნული.

მუსლიმი მოსწავლეების, პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მუშაობის ნაწილში. ორგანიზაცია თვლის, რომ პოლიციის უმოქმედობამ მუსლიმი თემის მიმართ „დისკრიმინაციული ხელშეშლა“ გამოიწვია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სიმბოლური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრა კერძო პირების მიმართ, თუმცა მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი არ ქონია.

სააპელაციო საჩივარში EMC ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სწორედ იმ ნაწილში, რომელშიც სასამართლომ არ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. კერძოდ, EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში უთითებს, რომ მუსლიმი თემის უფლებების განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლა არსებითად პოლიციის დემონსტრაციული უმოქმედობის და არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის შედეგია. უფლების დარღვევის კონკრეტული ინციდენტები პანსიონატის შენობასთან მობილიზებული პოლიციის თვალწინ ხდებოდა და ამდენად იცოდა/უნდა სცოდნოდა გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ, თუმცა, მას არაფერი გაუკეთებია ხელშეშლის ფაქტების აღკვეთისა და პანსიონატის ამუშავების უზრუნველყოფის მიზნით. მოსარჩელების მტკიცებით, სამინისტროს პოლიტიკა არსებითად დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ ლოიალობით არის განპირობებული, რასაც მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი სხვა რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების ანალიზიც ადასტურებს, სადაც პოლიცია ასევე პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლა და რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებებიც. მეტიც, EMC უთითებს, რომ სხვა მსგავს ინციდენტებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დემონსტრაციულად რეპრესიული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ (სოფელ ჭელასა და მოხეში მშვიდობიანი შეკრების მონაწილე მუსლიმების კოლრეტიური თვითნებური დაკავების, საპოლიციო ძალის გადამეტებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები) კიდევ უფრო ნათლად ააშკარავებს სამინისტროს დისკრიმინაციულ მიდგომებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს დომინანტ რელიგიურ ჯგუფს მიკუთვნებულმა კერძო პირებმა, რომელთა მიმართაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სარჩელში ისინი არსებითად არც გამორიცხავენ მათი მხრიდან პანსიონატისთვის ხელშეშლის ფაქტებს და დაუსაბუთებლად პანსიონატის საქმიანობის კანონიერებაზე დავობენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის