საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის 2016 წლის საქმიანობას შეაჯამებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, ირინა მილორავა 2017 წლის გეგმებზეც ისაუბრებს. მათ შორის, დეტალურად განიხილავს სატარიფო პოლიტიკას და კომისიის მიერ მიღებულ სატარიფო გადაწყვეტილებებს.
როგორც სემეკში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ნეტო აღრიცხვის რეგულაციების დანერგვა. მიმდინარე წელს, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის განსაზღვრება და კომისიის მიერ შემუშავდა წესები, რომელიც უზრუნველყოფს ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობას.
გარდა ამისა, კომისიის ახალი რეგულაციით – „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებელს ფულადი კომპენსაცია სააბონენტო ბარათზე 10 კალენდარული დღის ვადაში დაერიცხება.
კომისიის საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, 20 დეკემბრის მონაცემებით, მოქალაქეებს, მთლიანობაში ჩამოეწერათ 4 მლნ 018 458 ლარი.
კომისიას განახლებული ქოლ ცენტრი აქვს. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ ირღვევა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს კომისიის ქოლ ცენტრს - 242 01 80.
როგორც სემეკ-ში აცხადებენ, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „Doing Business 2017“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის მიღების კუთხით 26 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილიდან 39-ზე გადაინაცვლა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) დადგენილი ნორმების გადაჭარბებაზე. ასევე, გაუმჯობესებულია ელექტროენერგიის გეგმურ წყვეტებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირებულობა.
შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე, სემეკის ოფისში გაიმართება.