ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტებს ვეღარ იღებს

ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტებს ვეღარ იღებს. მიზეზი სახელმწიფო დაფინანსების შემცირება გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება თვეში თუ 57 ათას ლარიან დაფინანსებას ღებულობდა სახელმწიფო პროგრამით, მთავრობის ახალი დადგენილებით ეს თანხა 33 ათას ლარამდეა შემცირებული.

მისივე განცხადებით, კლინიკის ხელმძღვანელობამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გაუგზავნა წერილი, რომ პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს სწორედ დაფინანსების შემცირების გამო.

„სახელმწიფო პროგრამა შემცირდა. ფსიქიატრიული განყოფილება ბოლო წლების განმავლობაში რა თანხასაც ხარჯავდა ის თანხა განახევრდა, ფაქტიურად. ღუდუშაურის კლინიკა კერძო მფლობელობაშია. ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება საშუალოდ თვეში 57 ათას ლარს ითვისებდა, ახლა კი მაქსიმალურ თანხად თვეში 33 ათასი ლარი გაწერეს. ამ პროგრამაზე მუშაობდა ჩვენი განყოფილება და რადგანაც დაწესებულება ვეღარ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას, ალბათ დადგება საკითხი განყოფილების დახურვის.

ჩვენმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პირობების შესრულებას იმ თანხებით, რაც გაწერილია, ვეღარ შევძლებთ და პროგრამაში მონაწილეობასაც ვეღარ მივიღებთო. პაციენტებს უკვე აღარ ვიღებ“, - აღნიშნა მანანა ელიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობამ დადგენილება 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ მხოლოდ 3 იანვარს გაიგეს.

მანანა ელიაშვილის ვარაუდით, დაფინანსების შემცირება უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც, ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამები დიდი საავადმყოფოებიდან პატარა ცენტრებზე უნდა გადანაწილდეს.

„ბოლო წლებში მოხდა ის, რომ გაიხსნა ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრები. 2013 წელს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც დიდი საავადმყოფოებიდან უნდა გადავსულიყავით პატარა ცენტრებზე. წელს კი მოხდა ის, რომ ყველა დიდ საავადმყოფოს გაუნახევრდა ან 40%-ით შეუმცირდა დაფინანსება. ღუდუშაურმა უკვე უარი თქვა ამ თანხით მუშაობაზე, სხვა კლინიკები რას იზამენ არ ვიცი“, - აღნიშნა მანანა ელიაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის