საქართველოში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვებით დაინტერესებულ კომპანია „ენვიროსერვისთან“ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ სიტყვით მიმართა.
შეხვედრა სასტუმრო „ბეტსიში”, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოვიზიის მხარდაჭერით გაიმართა.
„ენვიროსერვისმა“ 2016 წელს ლიცენზირებული კომპანია „ენვიროსერვი - საქართველო“ დაარსა და სურვილი გამოთქვა აქტიურად დაიწყოს ქვეყანაში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვება.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე კომპანია „ენვიროსერვისმა“, წარსული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
შეხვედრაში მონაწილეობა ნარჩენების მართვის ექსპერტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს.