სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, სადაც სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების, პროფკავშირების და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობისგან სამსახურიდან გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ. ისინი საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან იყვნენ შეკრებილები და სკანდირებდნენ - ”გამოდით!” ”გამოდით!”.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები, კერძოდ, “აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები, ასევე საწარმოს მუშები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეჭრას. დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეები შენობაში ძალით მაინც შეიჭრნენ. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. საწარმოდან გათავისუფლებული მუშების ნაწილმა ადმინისტრაციული შენობა დატოვა, თუმცა შიგნით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან მათ შორის “აუდიტორია 115”-ის, ასევე რუსთავის სტუდენტთა ასოციაციის და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტები.
შეჭრის მცდელობისას პროფკავშირის ორმა წარმომადგენელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ამ დროისთვის აქცია კვლავ მიმდინარეობს.