საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავრობა ან შეძლებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ან მოუწევს სოციალური პროგრამების საგრძნობი შეკვეცა

22 თებერვალს სასტუმრო “რედისონ ბლუ-ვერიაში” საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართა ანგარიშის პრეზენტაციაზე თემაზე - „ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება". ”ინტერპრესნიუსი” ანგარიშის ერთ-ერთ თანაავტორს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ფრაიბურგისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორსა და მეცნიერ-თანამშრომელს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ქართული პოლიტიკის თავისებურებებსა და მახასიათებლებზე მსჯელობასა და მათი არსის გარკვევას ”ინტერპრესნიუსი” თქვენს კოლეგა ქართველ ექსპერტებთან პერმანენტულად შეძლებისდაგვარად ცდილობს. ვინაიდან თქვენ და თქვენმა კოლეგებმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამ თემას სპეციალური კვლევა მიუძღვენით, უპრიანიც იქნება თქვენი კვლევის შედეგები ჩვენს მკითხველებსაც გავაცნოთ. ვიცით, რომ თქვენ ჩვენში მიმდინარე პროცესებს თვალს გერმანიიდან ადებნებთ, როგორ გამოიყურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დინამიკა და მისი თავისებურებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

- ჩვენს კვლევაზე დაყდნობით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ საკმაოდ კომპლექსური სურათი გვაქვს. იკვეთება რამდენიმე ტენდენცია: ”ქართული ოცნება” ყველაზე უფრო თანმიმდევრულია საგარეო პოლიტიკაში, ხოლო ყველაზე მეტი პრობლემა და ხარვეზი მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკაში და დემოკრატიის სფეროში დაუგროვდა.

ამასთან, ”ქართული ოცნება” კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის ერთგული, მაგრამ მის ძვირადღირებულ სოციალურ ინიციატივებს საფრთხეს უქმნის ეკონომიკური ზრდის ნელი ტემპი და სხვა მაკროეკონომიკური პრობლემები.

მთავარ გამოწვევად რჩება ასევე პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტე და ”ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რომელმაც შეიძლება აცდუნოს მმართველი პარტია, რათა ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის მავნე გადაწყვეტილებები მიიღოს.

”ქართული ოცნება” ყველაზე უფრო თანმიმდევრულია საგარეო პოლიტიკაში, ხოლო ყველაზე მეტი პრობლემა და ხარვეზი მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკასა და დემოკრატიის სფეროში დაუგროვდა

ამის მაგალითები წარსულში სხვა მთავრობებისგან არაერთხელ გვქონია. საბოლოოდ, პირველ ასი დღის პერიოდის ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება ორი ფუნდამენტური პრობლემა გამოვკვეთოთ, რომელთან გამკლავებაც ”ქართულ ოცნებას” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს: ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, რაც წინაპირობაა მთელი რიგი სოციალური ინიციატივების წარმატებებისთვის და ახალი ადექვატური, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, რაც შეუქცევადს გახდის ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნას.

- თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურად აფასებს თავად ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ თუ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ რეალობას?

- რთული სათქმელია. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა მეტნაკლებად აცნობიერებს იმ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება და უფრო ზომიერი, პრაგმატული საგარეო პოლიტიკაც ნაწილობრივ სწორედ ამის გამოძახილია.

ეკონომიკის სფეროში, საქართველოს მძიმე პერიოდი უდგას. ეკონომიკას კიდევ უფრო დიდ ტვირთად აწვება მთავრობის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები მთელ რიგ სფეროებში.

შესაბამისად, საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავრობა ან შეძლებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ან მოუწევს სოციალური პროგრამების საგრძნობი შეკვეცა. საბოლოოდ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, მნიშნელოვანია ”ქართული ოცნების” მთავრობამ სრულიად გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რასაც მას საკონსტიტციო უმრავლესობას ქონა და ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება ანიჭებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამის ნიშნები ნაკლებად ჩანს.

- კვლევის პრეზენტაციაზე თქვენ შეეცადეთ ცალ-ცალკე გაგემახვილებინათ ყურადღება ხელისუფლების ეკონომიკურ, სოციალურ, საგარეო, უსაფრთხოებისა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაზე. მოდით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკით დავიწყოთ. თქვენ როგორ დაახასიათებდით და როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდგომ 100-დღიან პერიოდში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას?

”ქართულ ოცნებას” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, რაც წინაპირობაა მთელი რიგი სოციალური ინიციატივების წარმატებებისთვის და ახალი ადექვატური, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, რაც შეუქცევადს გახდის ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნას

- ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს ანგარიშში ახალი ხელისუფლების ასდღიანი მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ არის შეფასებული. ზოგადად, ”ქართული ოცნების” მთავრობა ცდილობს დააბალანსოს სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული ლიბერალური საბაზრო-ეკონომიკური ინიციატივები სოციალური პროგრამებით. თუმცა ეს დაბალანსება ყოველთვის არ გამოდის და ხშირად ურთიერთწინააღმდეგობრივ პოლიტიკამდე მიდის.

მაგალითად, ესტონური მოდელის ახალი კორპორატიული საგადასახო კოდექსი თავისთავად გამართლებული ინიციატივაა, თუმცა, მან წარმოშვა აგრეთვე ნახევარ მილიარდ ლარიანი დეფიციტი გადასახების მოგროვების კუთხით, რომლის ამოვსებასაც მთავრობა აქციზის გადასახადების გაზრდით ცდილობს, რაც ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამიდან ერთ-ერთი მთავარ გადახვევას წარმოადგენს.

თუმცა მთავრობის ყველაზე პრობლემური ინიციატივას პირველი ასი დღის მანძილზე ერთმნიშვნელოვნად ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც კრიტიკის საგანია როგორც ეკონომიკური, ისე მორალური თვალსაზრისით.

- ვინაიდან, ნებისმიერი ქვეყნის განვითარება ეკონომიკის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რაც მყისიერად აისახება მოსახლეობაზე, თქვენ რას ურჩევდით ხელისუფლებას იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება სწრაფად დაჩქარდეს და შეუქცევადი ხასიათი მიიღოს?

- მსოფლიო ბანკმა გასული წლის ბოლოს შემდგომი ორი წლის პროგნოზი გამოაქვეყნა და საქართველოს 4-5%-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა, რაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაინც ძალიან ცოტაა ჩვენისთანა მზარდი ეკონომიკისთვის.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის ჯადოსნური მოდელი არ არსებობს. საჭიროა არსებული მექანიზმების უფრო ეფექტურად გამოყენება. მათ შორის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ბიზნეს-გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება და ექსპორტ-იმპორტის მოცულობის გაზრდა, კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ა.შ.

მთავარია, ქვეყანაში უნდა შეიქმნას განცდა, რომ ბიზნესი და პირადი საკუთრება ხელშეუხებელია და რომ ბიზნესში წარმატების მიღწევა შესაძლებელია ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების გარეშე

რაც მთავარია, ქვეყანაში უნდა შეიქმნას განცდა, რომ ბიზნესი და პირადი საკუთრება ხელშეუხებელია და რომ ბიზნესში წარმატების მიღწევა შესაძლებელია ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების გარეშე.

- ხელისუფლებაში მოსავლისთანავე ”ქართული ოცნების” სოციალური პოლიტიკა ერთადერთი სფერო გახლდათ, რომლის სიკეთე მოსახლეობამ მყისიერად იგრძნო. დრომ აჩვენა, რომ ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა, რომლის გამოსწორებისთცის იგი ახლა დგამს ნაბიჯებს. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას და რას ურჩევდით მას იმისათვის, რომ იგი მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური გახდეს?

- სოციალური პოლიტიკა და განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ”ქართული ოცნების” მართლაც რომ საფირმო ნიშანია. რაც შეეხება პრობლემებს, რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ხარვეზი და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სახელმწიფოს გაძლიერებული ჩარევა ამა თუ იმ სფეროში, ბუნებრივად ზრდის ხარვეზების რაოდენობასაც.

უნდა ითქვას, რომ ახალი მთავრობა ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს. მაგალითად, ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში. მაგრამ, მთავარი გამოწვევა სოციალური პოლიტიკის სფეროში არ ეხება თავად სოციალურ პოლიტიკას, არამედ ეკონომიკური ხასიათისაა.

მოგეხსენებათ, ძლიერი სოციალური პოლიტიკის წარმოება საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაში საკმაოდ რთულია, ვინაიდან მას ან უკვე გარკვეული დაგროვებული ეკონომიკური დოვლათი, ან მდგრადი და სწრაფი განვითარება სჭირდება.

სოციალური პოლიტიკის გრძელვადიანი მდგრადობა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიწვევს ბიუჯეტის გამოფიტვას და ფინანსური და ეკონომიკური სისტემების კოლაფსს

შესაბამისად, სოციალური პოლიტიკის გრძელვადიანი მდგრადობა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიწვევს ბიუჯეტის გამოფიტვას და ფინანსური და ეკონომიკური სისტემების კოლაფსს.

- ოპოზიცია ხელისუფლებას ყველაზე ხშირად, შესაძლოა, მუდმივადაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთოების პოლიტიკის არაეფექტურ წარმოებაში სდებს ბრალს. ხშირად ისმის ფრაზა, რომ ”საქართველო რადარებიდან გამქრალია” ხშირად, ვიღებთ ვითარებას, რომ ამ თვალსაზრისით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა, ხშირად პირიქით, საკმაოდ საფუძვლიანი კონტურებიც აქვს ამგვარ კრიტიკას. თქვენ როგორ შეაფასებდით, ხელისუფლების ფრთხილ, მაგრამ უდავოდ თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას?

- ჩვენს ანგარიშში, ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკამ, სხვა სფერობისგან განსხვავებით, შედარებით დადებითი შეფასება მიიღო, რაც ასევე დაადასტურა 30 ქართველი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვამ, რომელიც ასევე ანგარიშის ნაწილი იყო.

„რადარებიდან გაქრობის არგუმენტი“ ხშირად ისმის. თუმცა, იგი მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს მთავრობას კარგად აქვს გააზრებული, რომ ქვეყანა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ბეწვის ხიდზე გადის. დასავლეთი საკუთარი შიდა პრობლემებითაა დაკავებული, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში 2017 წელი საარჩევნოა და საქართველოსთვის არავის სცხელა, ნატო ტრამპის არჩევის შემდეგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, ხოლო რუსეთი სულ უფრო რევიზიონისტული ხდება.

დღეს საქართველოს მთავრობას კარგად აქვს გააზრებული, რომ ქვეყანა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ბეწვის ხიდზე გადის

ამ ვითარებაში უბრალოდ შეუძლებელია ისეთი ზედმეტად ანგაჟირებული საგარეო პოლიტიკის გატარება, როგორსაც თავის დროზე ”ნაცმოძრაობა” ატარებდა. აქ ფუნდამენტური საკითხია, რომ ”ქართული ოცნების” დაბალანსებული პოლიტიკის შედეგად საქართველოს პრო-დასავლური ვექტორი არ დაზარალდეს, რისი ნიშნებიც ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა უნაკლოა.

პირიქით, მანამ სანამ ”ქართული ოცნება” რუსეთის მიმართ გადატვირთვის პოლიტიკას ატარებს, მუდმივად უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ საქართველოს მთავრობა ჩრდილოელ მეზობელთან მისდა უნებლიეთ ან განზრახულად ზედმეტ დათმობაზე არ წავიდეს. მსგავსი განცდა ბევრს გაუჩნდა, მაგალითად, ”გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს, როდესაც რუსულმა მხარემ თავის დიდი ხნის საწადელს მიაღწია და გაზის სატრანზიტო საფასურის მონეტარიზაციაზე დაიყოლია საქართველოს მთავრობა.

იგივე შეიძლება ითქვას ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ”ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებების შესახებ, რომელიც ძალიან ფაქიზი თემაა და მხოლოდ იმ არგუმენტის მოშველიება, რომ ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. პირველ ადგილზე ყოველთვის უნდა იდგეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არა ის, თუ ვის რა უნდა.

ზოგადად, ”ქართული ოცნების” სტრატეგია კონფლიქტებთან მიმართებაში, ალბათ ისევე, როგორც ყველა სფეროში, მიმართულია ნაკლები შეცდომის დაშვებისკენ, რაც ხშირად ზედმეტ ინერტულობაში გადადის. ის რომ, ”ოცნების” მთავრობას, ”ნაცმოძრაობისგან” განსხვავებით, არ ახასიათებს ისეთი გაუაზრებელი განცხადებები, რომ წელს ცხინვალში შეხვდებიან ახალ წელს და გაისად სოხუმში, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა.

მანამ, სანამ ”ქართული ოცნება” რუსეთის მიმართ გადატვირთვის პოლიტიკას ატარებს, მუდმივად უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ საქართველოს მთავრობა ჩრდილოელ მეზობელთან მისდა უნებლიეთ ან განზრახულად ზედმეტ დათმობაზე არ წავიდეს. მსგავსი განცდა ბევრს გაუჩნდა, მაგალითად, ”გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ”ქართულ ოცნებას” არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გეგმავენ კონფლიქტური რეგიონების და იქ მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში დაბრუნებას და მხოლოდ ზოგადი სლოგანებით შემოიფარგლება.

- ვინაიდან თქვენს კვლევაში ცალკე თავი ეხება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას. საინტერესოა ამ თემაზეც მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები. ანუ თქვენ როგორ შეაფასებდით 2016 წლის შემდეგ ხელისუფლების პოლიტიკას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში?

- 100 დღის ანგარიშში ყველაზე პრობლემურად სწორედ ეს სფერო შეფასდა, რაც ასევე დაადასტურა 30 ქართველი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვამ, რომელიც ასევე ანგარიშის ნაწილი იყო. ბოლო სამი თვის მანძილზე ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა მედია პლურალიზმი და საკონსტიტუციო ცვლილებები.

ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, მოახდინოს მედია სივრცის კონსოლიდაცია - პრო-სამთავრობო ტელევიზიების გაერთიანებით, საზმაუწყებელზე კონტროლის განმტკიცებით და ასევე ”რუსთავი-2”-ის დასუსტებით. მეორე მხრივ, არსებობს საფუძვლიანი შიშები იმის შესახებ, თუ რამდენად გამოიჩენს ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ ნებას, რათა მიიღოს უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია და შეზღუდოს საკუთარი ძალაუფლება.

მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ”ოცნების” წარმომადგენლები პირობას დებდნენ, რომ მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარულ სისტემას პროპორციული სისტემის რომელიმე ვარიანტით ჩაანაცვლებდნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიისგან უფრო წინააღმდეგობრივი მესიჯები ისმის. მეორე მხრივ, მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ყველაზე ხშირად გაჟღერებული ინიციატივა პრეზიდენტის არჩევნების წესთან დაკავშირებით ასევე ძალიან პრობლემურია და მგონია, რომ ქართულ კონტექსტში დემოკრატიული კონტროლის სისტემას პირიქით შეასუსტებს.

არგუმენტი, რომ კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემებში პრეზიდენტს ყოველთვის პარლამენტი ირჩევს, ამ შემთხვევაში აზრს მოკლებულია. ჯერ ერთი, მმართველობის მოდელის შერჩევისას ყოველთვის საჭიროა ნაციონალური კონტექსტის გათვალისწინება. იმან, რაც კარგად მუშაობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს საქართველოში. მეორეც, - ის, რომ კლასიკურ საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტს ყოველთვის პარლამენტი ირჩევს, უბრალოდ, სიმართლეს არ შეესაბამება: მაგალითად, გერმანიაში პრეზიდენტს ირჩევს არა პარლამენტი, არამედ ე.წ. ფედერალური კრება, რომლის დაკოპლექტების წესი ბევრად უფრო კომპლექსურია და შეიძლება მმართველმა პარტიამ იქ ვერც კი გაიყვანოს საკუთარი კანდიდატი.

ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, მოახდინოს მედია სივრცის კონსოლიდაცია - პრო-სამთავრობო ტელევიზიების გაერთიანებით, საზმაუწყებელზე კონტროლის განმტკიცებით და ასევე ”რუსთავი-2”-ის დასუსტებით. მეორე მხრივ, არსებობს საფუძვლიანი შიშები იმის შესახებ, თუ რამდენად გამოიჩენს ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ ნებას, რათა მიიღოს უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია და შეზღუდოს საკუთარი ძალაუფლება

ზოგადად მგონია, რომ გერმანული მმართველობის მოდელი კარგად ერგება საქართველოს. იგი თავის დროზე ფაშიზმის გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და მის ორ მთავარ მიზანს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა და იმავდროულად სამომავლოდ ავტორიტარიზმის ნებისმიერი საფრთხის პრევენცია წარმოადგენდა - ორი მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოსაც აქვს. შესაბამისად, მმართველობის გერმანულ მოდელში ყველაფერი ეყრდნობა კონსენსუსის და კომპრომისის პრინციპს, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ერთი პარტიის მიერ ფაქტობრივად გამორიცხულია.

- ჩვენში ხელისუფლების მისამართით ისმის კრიტიკა იმაზე, რომ იგი ვერ თმობს მოსმენებს, მართლმსაჯულებას და სასამართლო კორპუსს თუ სრულად არა, მის მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს და საკმარისად თავისუფალი არაა, საფრთხის ქვეშაა ტელეკომპანია ”რუსთავი-2” და ა. შ. თქვენი აზრით, ამ თემებთან დაკავშირებით რამდენად ეფექტურ და რამდენად მართებულ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება?

- სრულიად გეთანხმებით. ეს კრიტიკა ასახული არის ჩვენს ანგარიშშიც. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ყველა სხვა სფეროსგან განსხვავებით, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სფერო მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშაა.

რა თქმა უნდა, შეიძლება ხელისუფლება ბევრ სფეროში აკრიტიკო, მაგრამ იმავე ეკონომიკურ ან საგარეო პოლიტიკის სფეროში არის ბევრი ობიექტური, ხშირად რეგიონული ან გლობალური მასშტაბის ფაქტორი, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს და ეს მის ხარვეზებს ნაწილობრივ ამართლებს.

დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში კი მთავრობის მიერ უნებლიეთ თუ განზრახულად დაშვებულ შეცდომებს არანაირი გამართლება არ აქვს. შესაბამისად, მით უფრო დასანანია, რომ ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიზანს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება წარმოადგენდა, თავად იმეორებს იგივე შეცდომებს, შესაძლოა ხშირად უფრო მსუბუქ და დახვეწილ ფორმებში, მაგრამ მაინც.

- ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ტემპებით განვითარებაა. ფაქტია ისიც, რომ ჩვენს ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ ახასიათებს. მიუხედავად ამისა, მან რადიკალური რეფორმის გატარება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მცდელობა საზმაუწყებელში გაატაროს რადიკალური რეფორმა?

- ის, რომ საზმაუწყებელი ძირეულ რეფორმებს საჭიროებს, ცხადია. თუმცა, მისი განხორციელების ფორმა, რა თქმა უნდა, ბევრ საფუძვლიან ეჭვს ბადებს. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ საზმაუწყებლის ახალ დირექტორად პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნების დანიშვნა, რაც პრობლემური საკითხია და კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ ტელევიზიის ნეიტრალურობის საკითხს.

რეფორმების ეგიდით გადაცემების მასობრივი დახურვა, მათ შორის კრიტიკული გადაცემებისა, ბევრ ეჭვს აჩენს. ამას თუ დავამატებთ სამი მეტნაკლებად პრო-სახელისუფლებო კერძო ტელევიზიის გაერთიანების პროცესს და ”რუსთავი-2”-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავას, აშკარა გახდება, რომ მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა დღეს საფრთხის წინაშე დგას

რეფორმების ეგიდით გადაცემების მასობრივი დახურვა, მათ შორის კრიტიკული გადაცემებისა, ასევე ბევრ ეჭვს აჩენს. ამას თუ დავამატებთ სამი მეტნაკლებად პრო-სახელისუფლებო კერძო ტელევიზიის გაერთიანების პროცესს და ”რუსთავი-2”-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავას, აშკარა გახდება, რომ მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა დღეს საფრთხის წინაშე დგას.

- დეკანოზ მამა გიორგის საქმეზე პროკურატურისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებების შემდგომ ამ თემის ირგვლივ უცნაურადაც კი განვითარდა პროცესები. ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ვრცელდება. ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ პროკურატურის, ეკლესიისა და ხელისუფლების ავტორიტეტი, ისევე როგორც ის, თუ რა ბედი ეწევა მამა გიორგის, პატრიარქზეა დამოკიდებული. როგორ შეაფასებდით მომხდარს და ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნილ რეალობას?

- აღმიშნული ფაქტის გამოძიება კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს. თუმცა, სასურველია, რომ ეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის გარეშე განხორციელდეს.

რა თქმა უნდა, ეკლესიის შიგნით არსებობს ბევრი პრობლემა, თუმცა მათ შესახებ დისკუსია მსგავსი ფორმით არ უნდა ხდებოდეს. მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში ყველაზე მაღალი ავტორიტეტით და მოსახლეობის თვალში 90 პროცენტიანი ნდობით სარგებლობს. იგი ხშირად საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენს, მაგალითად, პოლიტიკური კრიზისების დროს.

ამიტომ, მსგავსი სახის პოლარიზაციამ ეკლესიის ირგვლივ, განსაკუთრებით დღეს არსებული პოლიტიკური ფრუსტრაციისა და სოციალური ნიჰილიზმის ფონზე, შეიძლება საზოგადოების განხეთქილებას შეუწყოს ხელი.

ეკლესიის შიგნით არსებობს ბევრი პრობლემა, თუმცა მათ შესახებ დისკუსია მსგავსი ფორმით არ უნდა ხდებოდეს

რაც შეეხება უშუალოდ პატრიარქის როლს, რა თქმა უნდა, მისი გავლენა განუზომელია როგორც ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესების დაბალანსების საკითხში, ისე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად, მანამ სანამ,იგი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელია, უკონტროლო პროცესებს ეკლესიის შიგნით და არც მის გარეთ, არ უნდა ველოდოთ.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) კვლევის ანგარიში თემაზე - „ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება" სრული ტექსი შეგიძლიათ  იხილოთ აქ .http://gip.ge/ge/5745/

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა