
მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ქვეკონტაქტორის გარეშე განახორციელებს, - ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას საკუთარი რესურსებით სრულად უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7, ხოლო რეგიონებში (თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი,ზუგდიდი, ქობულეთი,ბათუმი და ზესტაფონი) სულ 9 განყოფილება ფუნქციონირებს.
”ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ინტეგრირებულ განყოფილებებს გახსნის. ბენეფიციარები ადგილზე კონსულტირებით, სარეაბილიტაციო და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებით ისარგებლებენ. ზაფხულიდან პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება. ამის საშუალებას ცენტრს ქვეკონტრაქტორის არარსებობის შემთხვევაში გამოთავისუფლებული თანხები მისცემს. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების კომპონენტის ფარგლებში მომსახურებისთვის ვაუჩერის ღირებულება 215 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის, პაციენტის მხრიდან თვის განმავლობაში თანაგადახდა 110 ლარს შეადგენს. თანაგადახდა არ ეხებათ აივინფიცირებულებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
სამინისტროს განმარტებით, 16 მარტიდან ბენეფიციარები, რომლებიც სერვისს „ურანტის“ კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე განყოფილებაში იღებდნენ უნდა მივიდნენ რევაზ ლაღიძის 8 ნომერში , რუსთაველზე ოპერის უკან , ხოლო ”ურანტის” ვაზისუბნის განყოფილების ბენეფიციარები სერვისს მიიღებენ ვაზისუბანში მიტროფონე ლაღიძის 6/7 ა -ში გახსნილ ახალ განყოფილებაში, ნუცუბიძის განყოფილების ბენეფიციარებს სთავაზობენ ქავთარაძის 21 ა-ში მდებარე განყოფილებას. საჭიროა მხოლოდ ფორმა-100 და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"