ირაკლი კობახიძე - საკმაოდ სუსტია პარლამენტის რესურსები კანონშემოქმედებით სფეროში და კიდევ უფრო სუსტია ზედამხედველობის და კონტროლის პროცესში

პარლამენტის აპარატი ხშირ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, რაც უარყოფითად აისახება საპარლამენტო კონტროლის შინაარსსა და ხარისხზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ”ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” ეხებოდა.

მან კვლევის ავტორებს მადლობა გადაუხადა და საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობაზე და არსებულ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა.

”კვლევის სათაური საკმაოდ დრამატულად ჟღერს, თუმცა სინამდვილეს არსებითად შეესაბამება. ძალიან სერიოზული ხარვეზები გვაქვს საპარლამენტო კონტროლის კუთხით და ეს პირდაპირ აისახება მთლიანად მმართველობის სისტემის შინაარზე. პარლამენტს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია - კანონშემოქმედება და ზედამხედველობა, კონტროლი. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მიმართულებით პარლამენტს აქვს სერიოზული სირთულეები. ტარდება კვლევები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და საერთო დასკვნა არის ის, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით გვაქვს საკმაოდ სერიოზული ხარვეზები, საკმაოდ სუსტია პარლამენტის რესურსები კანონშემოქმედებით სფეროში და კიდევ უფრო სუსტია პარლამენტის რესურსები ზედამხედველობის და კონტროლის პროცესში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ყველას ერთად ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს.

”პრობლემებს სამი მიზეზი აქვს, მათ შორის პირველი კი არის საერთო პრობლემები, რომელიც იყო დაკავშირებული მმართველობის სისტემის ფუნქციონირებასთან საქართველოში მთელი ამ 20-25 წლის განმავლობაში, ეს მხოლოდ ერთი ელემენტია საპარლამენტო კონტროლისა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საპარლამენტო კონტროლი ეფექტურად ვერ ხორციელდება ქვეყანაში. მეორე პრობლემა დაკავშირებულია პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალ ხარისხთან. იქ, სადაც განვითარებულია პარტიული სისტემა და კარგად არის განვითარებული ურთიერთობები პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც არსებითად კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს ეს ურთიერთობები, ბუნებრივია, უფრო ეფექტურად მუშაობს საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტები. ჩვენთან ამ კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს. პარტიული სისტემები საქართველოში პრაქტიკულად ამ ტერმინის კლასიკური გაგებით ჩამოყალიბებული არ არის, რაც განაპირობებს საერთო პრობლემებს, მათ შორის ეფექტური საპარლამენტო კონტროლის კუთხით. მესამე პრობლემა არის მენეჯმენტის მიმართულებით, პარლამენტის შიგნით მენეჯმენტზე მაქვს საუბარი. პარლამენტის აპარატი არ დგას ხშირ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე, რაც აისახება უარყოფითად საპარლამენტო კონტროლის შინაარსზე და ხარისხზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გაცილებით მეტი ინტერესი აქვს ზედამხედველობის განხორციელების, ვიდრე უმცირესობას, თუმცა მისი თქმით, ”ამ ყველაფერს ხელს უშლის ის ხარვეზები, რაც პარლამენტის მენეჯმენტში შეინიშნება”.

”მაგალითად, როცა მთავრობა შემოდის ბიუჯეტის პროექტით, ან ეკონომიკური პაკეტით, შენ უნდა დაახვედრო შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ შეხვიდე სათანადო ხარისხიან დიალოგში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასეთი რესურსი თუ არ გაქვს პარლამენტის შიგნით, ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხრიდან კონტროლი არის ნაკლებად ეფექტური. დეპუტატებს სჭირდებათ ზურგი და ეს ზურგი უნდა გაუმაგროს პარლამენტის აპარატმა. ანუ, როცა ვსაუბრობთ საპარლამენტო კონტროლზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ მენეჯმენტი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ გამოსწორდება ხარვეზები მენეჯმენტში, განსაკუთრებით პარლამენტის აპარატში, ეს ყველაფერი აისახება საპარლამენტო კონტროლის შინაარსზე”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა