აფხაზეთის მთავრობა გენო კალანდიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

აფხაზეთის მთავრობა გენო კალანდიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. უწყება მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”აფხაზეთის და სრულიად საქართველოს საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ღირსეული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიური მებრძოლი, გამოჩენილი ქართველი პოეტი, პოეტური მუზის იდუმალების წვდომის კლასიკური ოსტატი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკდემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, გენო კალანდია.

გენო კალანდია განეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთა მოწოდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შუაგულში ყოფნაა, იგი გახლდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ის, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და მებრძოლი პოეტი, ყოველთვის იმყოფებოდა ბრძოლის წინა ხაზზე. მისი ომახიანი ხმა-შეძახილი აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას, ჭუბერის გოლგოთის გზაზე ამოქმედებული სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მისი შესანიშნავი პოეტური კრებულებიდან, ყველგან და ყოველთვის ჟღერდა, როგორც გამამხნევებელი და იმედის მომცემი, უკეთესი მომავლის რწმენისა და სულის სიმტკიცის შენარჩუნებისაკენ მოწოდები ზარი.

გენო კალანდიას შემოქმედება ქართული პოეტური ნიჭის კიდევ ერთი ბრწინვალე გაელვებაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, იგი ღირსეულად ამშვენებს ეროვნული კლასიკური მწერლობის უმდიდრეს საგანძურს. გენო კალანდიას შემოქმედება, ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლებით და უნაზესი ლირიკით შეკრული პოეტური ნაშრომებით, მარადიულ ღირებულებებზე ფიქრის, მათზე მუდმივი ზრუნვის ჭეშმარიტი ნიმუშია.

გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ ”საბჭოთა აფხაზეთში”, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის“ რედაქტორი, ჟურნალ „რიწის“ პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით დაწესდა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში, მისი პიესები „მთვარის საათი“ „ადგილის დედა“ და „ძე შეცდომილი“ დაიდგა სოხუმის და საქართველოს სხვა თეატრებში. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები“, „მიწის ჭრილობა“, მწუხრის არაბესკები“, „მესამე თვალი“, „ასი სონეტი“, „რეკვიემი“, „ისევ რეკვიემი“, „ერთტომეული“. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.ნიმუშია. მას არაერთი სამომავლო გეგმა ჰქონდა, მაგრამ ამ წუთისოფელში თავისი ფიზიკური არსებობა ყველასთვის მოულოდნელად, სულ რაღაც ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ, სამოცდა მეთვრამეტე წელს ამოწურა.

ასეთი უზადო ნიჭით დაჯილდოებული ბატონი გენო ურთიერთობებში იყო უშუალო და გულისხმიერი, ყველასთვის მზრუნველი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისადავით და თავმდაბლობით.

წავიდა ჩვენგან თავის ხალხსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ მისი აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდებოდა დედა საქართველოს. არ ეპუებოდა უსაყვარლეს და მონატრებულ მშობლიურ გარემოს მოწყვეტას, “დევნილის” ხვედრს. აფხაზეთი იყო მისი გულის სიღრმიდან ამოსული მოუშუშებელი ტკივილი, ყოველდღიური ფიქრი და ხვალინდელი იმედი. წავიდა კიდევ ერთი, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით და დარდით გულდაფერფლილი კაცი პატრიოტი, კაი ყმა, მამულის და ერის მოყვარე, წავიდა უღალატო და ერთგული მეგობარი, ჭეშმარიტი მამულიშვილი და დიდი ტკივილი დაუტოვა თავის ოჯახსა და ახლობლებს.

გაგვიჭირდება გენოზე წარსულ დროში საუბარი, ყოველთვის მოვისაკლისებთ მის სითბოსა და სიყვარულს, თუმცა მარადისობაში დავანებული ისევ გააგრძელებს სიცოცხლეს ჩვენს გულებში. მის სახელს და ავტორიტეტს არასდროს მოაკლდება სიკაშკაშე ზეციურ საქართველოში. სიმბოლურია ისიც, რომ მისი ბოლო ნაშრომი - ”საგალობლები უფლისთვის”, რომელიც მკითხველმა იხილა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არის ხმამაღალი აღსარება ღვთის წინაშე.

მშვიდობით, ბატონო გენო. მსუბუქი იყოს ქართული მიწა, რომელიც სიყვარულით მიიბარებს თქვენს ღირსეულ ცხედარს! უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, გვაზავა ელგუჯა, გვაძაბია დავითი, გამახარია ჯემალი, გასვიანი აკაკი, კაჭარავა ვახტანგი, კვარაცხელია მურმანი, ლომინაძე გივი, ლორთქიფანიძე თემური, მგალობლიშვილი ნუგზარი, მესხია ნაპოლეონი, მარშანია ადა, მჟავია თემური, ნაგარნინა ოლგა, საჯაია ჯემალი, ქარაია რაისა, შამუგია როსტომი, ცატავა რუდიკი, წოწონავა ანზორი, ხეცურიანი შოთა, ხუბუა თამაზი, ჯგუბურია ზურაბი.

ასევე განცხადებას ხელს აწერენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ყოლბაია ვახტანგი, ფარფალია მურმანი, ჯაიანი დიმიტრი, ბაკარაძე ქეთევანი, გვაძაბია დავითი, კუჭუხიძე კონსტანტინე, კოპალიანი იგორი, ბასარია ვალერი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია