სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტში დღეს ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის ცარუ დალაქიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები, ახლობლები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიაზე ითქვა, რომ ცარუ დალაქიშვილი წლების მანძილზე ინსტიტუტის ლიპიდების ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მან მრავალი უნიკალური ქიმიური შედგენილობის და ფარმაკოლოგიური ეფექტურობის ლიპიდების შემცველი მცენარე გამოავლინა (ძეძვი, აფხაზური ხარისძირა, და სხვა) ცარუ დალაქიშვილი 80-მდე სტატიის, 2 მონოგრაფიის და ათამდე საავტორო მოწმობის ავტორია.
როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში აცხადებენ, ცარუ დალაქიშვილის მიერ შექმნილია ახალი ეფექტური ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი პრეპარატი „ცარუბული“, მომზადებულია რენტგენოთერაპიის კომბინაციასთან ერთად, კანის ავთვთისებიანი სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი „ჰელიპოლი“ და ანტივირუსული საშუალება „დიგიპუროლი“. ცარუ დალაქიშვილის დამსახურებაა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ბიოლოგიურად აქტიური ერთ-ერთი ურთულესი კლასის ლიპიდების ქიმიის, ტექნოლოგიის და ბიოლოგიის განვითარება, რითაც ინსტიტუტის მეცნიერული კვლევები და ავტორიტეტი გაიზარდა.
ცარუ დალაქიშვილს გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ცარუ დალაქიშვილის ვარსკვლავი ინსტიტუიტის ფარმაციის ხეივანში რიგით მეხუთეა, რომლის გახსნა თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელთა ინიციატივა იყო.
„ცარუ დალაქიშვილმა სამკურნალო საშუალება ორი პრეპარატი შექმნა. ეს ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია. პრეპარატი „ცარუბოლი“, რომელიც სხვადასხვა ნოზოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება, აღიარებულია და ჩვენ გვინდა, ეს პრეპარატი ისევ ავამოქმედოთ და საქართველოს ფარმაცევტული ბაზრისთვის გამოვუშვათ. ცარუ დალაქიშვილის მიერ შექმნილი მეორე პრეპარატი ლიპიდური წარმოშობისაა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე არ გამოდის და შევეცდებით ისიც გამოვუშვათ. ორივე პრეპარატი რებრენდინგს გადის“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქუთათელაძის ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ.