ლევან ყარამანიშვილი - წილის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებში არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება და კონსულტაციები უშუალოდ თანამშრომლებთან გაიმართება

„რუსთავი 2“-ის წილის 91%-ის მფლობელები, ძმები ლევან და გია ყარამანიშვილები დღეიდან ტელეკომპანიის კოლექტივთან კონსულტაციებს იწყებენ, - ამის შესახებ ლევან ყარამანიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

როგორც ლევან ყარამანიშვილი აცხადებს, წილის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებში „არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება“ და კონსულტაციები უშუალოდ თანამშრომლებთან გაიმართება.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი განცხადება, რომელიც შაბათს, 15:25-ზე გავრცელდა, პრაქტიკულად არ გაშუქებულა (მშრალად გავიდა 6-საათიანი კურიერის შუაში, თემის გაუშლელად და საერთოდ არ გაშუქებულა 9 საათიან კურიერში). ეს იმ ფონზე, როცა გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ თათბირს ამხელა დრო დაეთმო ეთერში. ჩვენი განცხადება რომ გაშუქებულიყო, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი ბევრ უხერხულობას აცდებოდა (პირველ რიგში, ზემოხსენებული თათბირის კონტექსტში). ამიტომ, ხელახლა, უცვლელად ვავრცელებთ ჩვენს განცხადებას (სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ არანარი შუამავალი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება) და ორშაბათიდან გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში“, - აღნიშნულია ლევან ყარამანიშვილის განცხადებაში.

ძმები ყარამანიშვილების განცხადება, რომელიც შაბათს გავრცელდა: „გვსურს გამოვეხმაუროთ ნიკა გვარამიას ბრიფინგს, რომელიც გაიმართა ჩვენი გუშინდელი შეთავაზების საპასუხოდ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო „რუსთავი 2“-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის. ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ. გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება „პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას“. რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც. არ გვინდა საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც, თავის მხრივ, არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა. გთავაზობთ, ამით დასრულდეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და გადავიდეთ კონსულტაციების საქმიან რეჟიმში, როგორც ჩვენს თავდაპირველ განცხადებაში იყო შემოთავაზებული, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა