სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება 2 აპრილისთვის გამოცხადდება

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება 2 აპრილისთვის გამოცხადდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება სატენდერო პირობებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 31 მარტამდე გახდება ცნობილი.

მურღულიას განცხადებით, გრიფირებასთან დაკავშირებით გამომცემლებთან 6 ასპექტზე სრული თანხმობაა მიღწეული, ხოლო 2 საკითხზე გამომცემლები და განათლების სამინისტრო ვერ შეთანხმდნენ.

”პირველ რიგში, გრიფირების წესი ეხება იმ სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს, რომლებიც სკოლაში 2018/2019 სასწავლო წლისთვის შევა. გრიფირება, ეს პირველი ეტაპია, როდესაც ყველა დაინტერესებული პირი ამზადებს სახელმძღვანელოს მაკეტს, რომელიც შეფასებას გადის დარგის საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარ სახელმწიფო კომისიაში და არჩევს რომელი წიგნის ხარისხი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმასა და სხვა მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველად გრიფირების ისტორიაში, წიგნების დაბეჭდვამდე, მინიმუმ 3 თვის მანძილზე ის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალისტებისა და მასწავლებლებისათვის. ავტორები ვალდებულნი იქნებიან აღმოფხვრან ამ პერიოდში გამოვლენილი ყველა ხარვეზი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა გამომცემლებთან, რის შედეგადაც გათვალისწინებული იქნა გამომცემლების იმ ნაწილთან განხილული საკითხები, რომლებიც არ გაემიჯნენ პროცესს და არ შეუშინდნენ კოლეგების ზეწოლას. შემუშავდა გრიფირების ახალი ფორმატი, რომელიც აპელაციის ახალ ინსტრუმენტებს, თანასწორობასა და მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს; შემუშავდა საავტორო უფლებების დაცვის უპრეცედენტო მოდელი ჰოლოგრამის გამოყენებით; გაუქმდა შინაარსობრივი გრიფირების საფასური; შემუშავდა ტენდერის გამარტივებული მოდელი; გაუქმდა წინა გრიფირების ფარგლებში არსებული ჯარიმები; აღმოფხვრილია რიგი საზღვარგარეთული გამომცემლობების პრიორიტეტი უცხოენოვან სახელმძღვანელოებზე; ასეთი შეთანხმებების ფონზე, გამომცემელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს შემდეგზე: საქართველოს კანონმდებლობით, საბიუჯეტო სახსრებით რაიმეს შეძენა, მითუმეტეს, თუ საქმე რამდენიმე მილიონს ეხება, უნდა განხორციელდეს ტენდერით. ულტიმატუმი, სწორედ ტენდერის არჩატარებაზეა აქცენტირებული. ნებისმიერი პრეტენზია, თითქოს ინტელექტუალურ საკუთრებაზე ტენდერის ჩატარება დაუშვებელია, მიუღებელია. რეალობა არის ის, რომ სწორედ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, შეჯიბრებითობის მოდელი არსებობს და ფართოდ გამოიყენება. შესაბამისად, ტენდერის პრინციპი, როგორც კანონისა და საზოგადოებრივი ინტერესების მოთხოვნა, რჩება უცვლელი. მეორე კატეგორიული მოთხოვნა, რაზეც სამინისტრო გამომცემლობას არ ეთანხმება, გამომცემლების მიერ საჯარო სკოლებისთვის წიგნების სავალდებულო დაბეჭდვის მოთხოვნაა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ფაქტორი, როგორც არგუმენტი, უკვე გამოირიცხა, რადგან ჰოლოგრამის გამოყენება ამ პრობლემას არსებითად ხსნის. შესაბამისად, რჩება მხოლოდ რიგი სუბიექტის სურვილები აკონტროლონ პროცესი და არ დაუშვან კონკურენცია”, - განაცხადა მურღულიამ.

რაც შეეხება თანხებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამომცემლებთან კომუნიკაციის საფუძველზე,წინა გრიფირებასთან მიმართებაში დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი გამომცემლობის (ბეჭდვის გარეშე) საპროგნოზო ღირებულება.

”ეს თანხა დაახლოებით 7.5 მილიონ ლარს შეადგენს და ვვარაუდობთ, რომ კონკურენცია ამ თანხას შეამცირებს. ამასთან, ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არ იქნება გადახდილი, მიმართული იქნება სწავლის პროცესის გაუმჯობესების სხვა მიმართულებებზე - თვალსაჩინოებებზე, ლაბორატორიებზე, ყველაფერზე, რაც წიგნთან ერთად თანამედროვე განათლების აუცილებელი ნაწილია. შესაბამისად, სრულიად ნათელია, რომ სამინისტრო, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ყველა აუცილებელ ნაბიჯს დგამს, რათა მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისი განათლება მიიღონ”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია