2012 წლის შემდეგ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
”ციხეებს რაც შეეხება, 2,5-ჯერ არის შემცირებული პატიმრების რაოდენობა საქართველოში. ევროპაში პირველ ადგილზე იყო ამ ნეგატიური სტატისტიკით ჩვენი ქვეყანა, თუმცა 24 500-დან 9 500-მდე ჩამოვიდა პატიმართა რაოდენობა და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა. როცა ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ესეც უნდა გავიხსენოთ. 12-ჯერ არის შემცირებული პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ეს რადიკალური სხვაობა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება იყო ციხეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს და რა პირობებში უწევდათ მათ ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2012 წლის შემდეგ ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ანუ ის ფაქტი, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ მთლიანად არის აღკვეთილი”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აქვე პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ აქციის ან შეკრების დარბევის არც ერთი ძალადობრივი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.