10 წელში განქორწინებების რიცხვი გაოთხმაგდა, დემოგრაფები აპოკალიფსურ პროგნოზებს აკეთებენ
მივიღებთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს?
* * *
10 წელში განქორწინებების რიცხვი გაოთხმაგდა, დემოგრაფები აპოკალიფსურ პროგნოზებს აკეთებენ
"საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგისტრირებული განქორწინებების რიცხვი, არც მეტი, არც ნაკლები, გაოთხმაგებულია, ქორწინებათა რიცხვი კი, მართალია, არა ამდენად, მაგრამ მაინც შემცირებულია. დემოგრაფები წლების შემდეგ ამ ორივე მონაცემის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით 10 წელში განქორწინებების რიცხვი გაოთხმაგდა, დემოგრაფები აპოკალიფსურ პროგნოზებს აკეთებენ.
"დემოგრაფები წლებია, განგაშს ტეხენ, რომ საქართველოს მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება. დაბალია შობადობა, მცირდება დაქორწინებულთა რიცხვიც. მით უფრო, რომ ისედაც შემცირებულ შობადობაში კიდევ უფრო მცირეა დაბადებულ გოგონათა რაოდენობა, ვიდრე ბიჭების და ამდენად გოგონების სიმცირეცაა ქორწინების რიცხვის კიდევ უფრო შემცირების ერთ-ერთი მიზეზიც. დემოგრაფები ამბობენ იმასაც, რომ ბევრად უფრო მეტია გაყრილი, დარღვეული ოჯახების რაოდენობა, ვიდრე ოფიციალურად, იურიდიულად გაფორმებული განქორწინებაა. ასეთი არასახარბიელო დინამიკის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქალი ბევრად უფრო თავისუფალი და თამამი გახდა და ამიტომაც ოჯახში ბევრ ისეთ რამეს არ ითმენს, რაზეც ადრე თვალს ხუჭავდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 25 101 ქორწინება დარეგისტრირდა;
2015 წელს ქორწინებათა რიცხვი იყო 29 157 (დაახლ. 4 ათასით მეტი, ვიდრე 2016 წელს);
2014 წელს ეს რიცხვია 31 526, 2013-ში კი - 34 693.
ჯამში, 2016 წელს 10 ათასამდე წყვილით ნაკლები (27,7%-ით ნაკლები) დაქორწინებულია, ვიდრე 2013 წელს.
განქორწინების რიცხვი კი ბოლო 9 წელიწადში გაოთხმაგებულია. 2007 წელს 2 325 ქორწინება შეწყდა, 2016 წელს კი - 9 539.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით 2016 წელს დემოგრაფიული მონაცემები გაუარესდა და შემდეგ წლებში ეს მონაცემი კიდევ უფრო გაუარესდება, შეიძლება ქორწინებაც განახევრდეს და შობადობაც. "ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ შობადობა ძალიან შემცირდა. მაგალითად, 1980-89 წლებში, ანუ 10 წელიწადში საქართველოში 455 000 გოგონა დაიბადა. 2000-2009 წლებში, ისევ 10 წელიწადში კი დაიბადა 236 000 გოგონა. გამოდის, რომ იმდენი ახალგაზრდა ქალი დედა აღარ იქნება მომავალში. ძირითადად, 80-იან წლებში დაბადებული გოგონები აჩენენ ბავშვებს. დაბადებული ბავშვების 80% სწორედ ამ ასაკის გოგონებზე მოდის. მაგრამ 2000-იან წლებში რომ დაიბადა იმის ნახევარი გოგონები, ისინი 3-4 წელიწადში შედიან დედობის ასაკში. ანუ, იმის ნახევარი შედის დედობის ასაკში, რაც იყო 1989 წელს", - წერს სტატიის ავტორი.
"ბუნებრივია, როდესაც გოგონები ცოტანი არიან, შემცირდება შობადობაც და შემცირდება ქორწინებაც. რადგანაც 2000-იან წლებში ძალიან ცუდი შობადობა იყო, ამიტომაცაა რომ ასეთი მდგომარეობა გველის. რაც ახლა ქორწინებებია, ეს რაოდენობაც კი განახევრდება. ეს საგანგაშო მდგომარეობაა და ამიტომ ხელისუფლებამ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისთვის, შობადობის მატებისთვის საგანგებო ღონისძიებები უნდა გაატაროს. შესაძლოა, ქართველი ხალხის ფიზიკური წყვეტა მოხდეს. თვით საჩხერეშიც კი, სადაც ბუნებრივი მატება იყო, შემცირდა რიცხვი და 2000-იან წლებში საჩხერეშიც ცოტა ბავშვი დაიბადა," - ამბობს თოთაძე. მისი თქმით, ბევრად უფრო მეტია დარღვეული ოჯახების რაოდენობა, რომლებიც გაყრას იურიდიულად არ აფორმებენ. "განქორწინებაა, როდესაც იურიდიულად ფორმდება წყვილის გაშორება. თუმცა ბევრია შემთხვევა, როდესაც წყვილი გაშორებულია, მაგრამ ეს იურიდიულად გაფორმებული არ არის. შესაბამისად, სტატისტიკაში ეს მაჩვენებელი არ ჩანს," - აღნიშნავს წულაძე. რა იწვევს წყვილების დაშორების მატებას? წულაძის თქმით, ამ მიმართულებით კვლევა არ ყოფილა. ხოლო წყვილები გაშორებისას ძირითადად ამბობენ, რომ ხასიათის შეუთავსებლობაა მიზეზი და კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ძნელი გასარკვევია", - გაგანგრძობს გამოცემა.
"განქორწინების მიზეზი ძნელი გასარკვევია. არავის არ სურს თავისი ოჯახის პრობლემების გამომზეურება და ამ თემაზე არ საუბრობენ, რომ განქორწინების მიზეზები გავაანალიზოთ. სხვადასხვა მიზეზია: ღალატი, ქალის თუ კაცის მხრიდან; ასევე ძალადობა, ეჭვიანობა. თუმცა განქორწინებისას ძირითადად ამბობენ, რომ ხასიათების შეუთავსებლობაა," - მიიჩნევს წულაძე. ის ამბობს, რომ ქალი ადრე უფრო ითმენდა ფიზიკურ, ეკონომიურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ახლა ბევრად უფრო თავისუფალი და თამამი გახდა და აღარ ითმენს. ასევე ქალი არ ითმენს ქმრის ღალატსაც და ღალატის გამოც ბევრად უფრო მეტი ოჯახი ინგრევა ბოლო წლებში, ვიდრე ეს ხდებოდა 10-15 წლის წინ", - დასძენს გამოცემა.
მივიღებთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს?
"ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს ვიღებთ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს ვეთანხმები. კონსტიტუციაში ხარვეზი არ არის, მაგრამ ის ცვლილებები, რობელთაც საზოგადოება ელოდა, არ ჩაიწერა. საზოგადოება რასაც მოითხოვდა, არ გააკეთეს. გაკეთდა სისულელეები, რომლებიც საზოგადოებისთვის არანაირი სიკეთის მომტანი არაა. საერთოდ, კონსტიტუციას მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა შეეხო", - აღნიშნავს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
"ცალსახად დათანხმება ან უარყოფა არ შემიძლია, რადგან ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კონკრეტულად არავის არაფერი უთქვამს. ეჭვი მეპარება, რომ სახალხო განხილვა მოეწყოს. ქვეყნის პირველი პირის არჩევა და აზრის დაფიქსირება შემეძლო, რომელსაც ახლა კონსტიტუციით მართმევენ. არა მგონია, ეს კარგის მომტანი იყოს", - ამბობს
მომღერალი ირმა სოხაძე.
"საერთოდ, პრეზიდენტი დიდი ხანია, ფუნქციადაკარგულია. პრეზიდენტებს სხვა უფლებები აქვთ და ისინი სხვანაირად იქცევიან. მთავრობის სხდომაზე მისი არც ერთი პროექტი გატანილი არ მინახავს. ნათქვამია, შენი სიძლიერე ჩემი მხდალობისა და უბადრუკობის ბრალიაო - ჩვენი ქვეყანა მგლების ქვეყანაა", - დასძენს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.
"ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს პრეზიდენტს ვეთანხმები. "ქოცებმა" რა განცხადებაც გააკეთეს, ეს არის ყველაზე სამარცხვინო. თუმცა ყველაზე გასაოცარი არის, რომ ამ სამარცხვინოს უკიდურესობაც ემატება", - აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე.
"ცალსახად პასუხის გაცემა არ შემიძლია. როგორც გარედან დამკივირვებელი გეტყვით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, ფუნქციების შესუსტებას არ ვეთანხმები, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირი ყოველთვის პრეზიდენტი იყო. ასე რომ, ეს ფორმულირება უნდა იქნეს შენარჩუნებული", - მიიჩნევს იურისტი ქეთი ბექაური.